პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად აშშ-ის კონგრესს დამატებით $100 მილიარდის გამოყოფას სთხოვს. პაკეტი მოიცავს დაფინანსებას ომში მყოფი ქვეყნების თავდაცვისა და საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და ასევე დახმარებას ინდოეთ-წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის, მათ შორის – ტაივანისთვის.
ოქტომბრის დასაწყისში, „ჰამასის“ მხრიდან განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის მხარდაჭერის პირობა დადო. „ჰამასი“ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფებაა. აღსანიშნავია, რომ ისრაელს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინის შესახებ, რომელიც წინააღმდეგობას რესპუბლიკელთა მხრიდან აწყდება.
რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ამ თვის დასაწყისში, კიევისთვის დახმარების გაძლიერების მომხრე დეპუტატთა ჯგუფმა ბაიდენის ადმინისტრაციას ისრაელისა და უკრაინისთვის ერთობლივი დაფინანსების პაკეტის შემუშავების მოთხოვნით მიმართა. საინტერესოა ისიც, რომ პაკეტში საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ დაფინანსების საკითხის შეტანა სწორედ რესპუბლიკელთა მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად.
საკითხთან დაახლოებული წყაროების ცნობით, უკრაინისა და ისრაელის დახმარების უახლესი პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება, თუმცა ამჯერად დაფინანსება სრულ ფისკალურ წელს დაფარავს. თეთრი სახლის წინა მოთხოვნა, უკრაინისთვის $24 მილიარდის დახმარების გამოყოფის შესახებ, მხოლოდ სამთვიან პერიოდს მოიცავდა.