საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ივლისის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ამ შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარების თაობაზე ისაუბრეს.
ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ გაკეთებული განცხადება (რომელიც საქართველოს მთავრობის ვებგვერზე შეგიძლიათ იხილოთ) ბევრ კითხვას აჩენს. მაგალითად, როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ირაკლი სირბილაძე აღნიშნავს, შეთანხმებაში გამოკვეთილად არ ჩანს ის, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩინეთს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოკავშირის, რუსეთის მიერ აღიარებული, საქართველოს შემადგენლობაში მყოფი რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.
ამასთან ერთად, ბუნდოვანია ისიც, თუ რას მოუტანს საქართველოს ე.წ. „14+1“-ის ფორმატის მხარდაჭერა. ეს გახლავთ თანამშრომლობის შეთანხმება ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 14 ქვეყანას შორის, რომლის მიზანიც პეკინის მიერ წამოწყებული „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (ე.წ. „ახალი აბრეშუმის გზის“) მხარდაჭერაა. 2022 წელს აღნიშნული თანამშრომლობის ჩარჩო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა – ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დატოვეს. ლიეტუვის შემთხვევაში, ჩინეთთან კონფლიქტი უკავშირდებოდა დე ფაქტო ტაივანის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ვილნიუსში. ლატვიამ და ესტონეთმა შეთანხმება მოგვიანებით, უკრაინის ომის დაწყების პასუხად დატოვეს. მათთვის მიუღებელი იყო ჩინეთსა და რუსეთს შორის, ომის ფონზე, გაღრმავებული ურთიერთობები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავისთავად პრობლემაა ის, რომ საქართველო-ჩინეთის ახლად გამოცხადებული „სტრატეგიული პარტნიორობა“ გულისხმობს საქართველოს, დამკვირვებლის სახით, ჩართვას „14+1“-ის ფორმატში. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ დისკრედიტირებული შეთანხმების გაძლიერებით საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ზიანდება.
ამას გარდა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის დამაზიანებელია ის, რომ, ჩინეთთან „სტრატეგიული მოკავშირეობით“, თბილისი ეთანხმება პეკინის ორ ფუნდამენტურად მცდარ გლობალურ პოლიტიკურ ხედვას.
1) როგორც „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ განცხადებაში ვკითხულობთ, „საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად“. არადა, ცნობილია, რომ ჩინური მოდერნიზაციის გზა დასავლურისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ ის არ გულისხმობს ლიბერალური დემოკრატიის დამყარებას. აქედან გამომდინარე, განვითარების ეს ფორმა მისაღებია სხვადასხვა ჯურის ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომლებიც ჩინეთთან დაახლოებით თავს დასავლური კრიტიკისა და ზეწოლისგან იცავენ.
ჩინეთის განვითარების მოდელი გულისხმობს ე.წ. „ტექნოავტორიტარიზმს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოახერხა ეკონომიკური წინსვლის პროცესში მიღწეული ტექნოლოგიური ინოვაციების ავტორიტარული მიზნებისთვის გამოყენება. ზოგ შემთხვევაში, პეკინი მართვის ამ მოდელის საზღვარგარეთ ექსპორტირებასაც აქტიურად ახდენს. მაგალითად, ცნობილია, რომ ციფრული თვალთვალის ჩინური სისტემები ისეთი ავტორიტარული რეჟიმების გასაძლიერებლად გამოიყენება, როგორიც ვენესუელა და ზიმბაბვეა.
მართალია, საქართველოში ჩინური „ტექნოავტორიტარიზმის“ ექსპორტის ნიშნები ჯერჯერობით არ შეინიშნება, მაგრამ იდეურ დონეზეც კი განვითარების ამ მოდელის მხარდაჭერა უკვე შემაშფოთებელია. ჩინეთი მომავალში აუცილებლად გააგრძელებს საქართველოსნაირი „არალიბერალური დემოკრატიების“ ანუ ჰიბრიდული რეჟიმების წახალისებას იმისთვის, რომ დასავლეთის გლობალურ გავლენას ძირი გამოუთხაროს.
2) ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში“ და „წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას“. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, უარი თქვას საერთაშორისო სამართლის იმ ინტერპრეტაციაზე, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი უჭერს მხარს და უერთდება ავტორიტარული რეჟიმის, ჩინეთის ხედვას.
რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის დასავლური ინტერპრეტაცია უნაკლო არ არის და საერთაშორისო ნორმების დაცვაც ხშირად თანამიმდევრულად არ ხდება. თუმცა როგორი შეიძლება იყოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერპრეტაცია? რამდენად მოსალოდნელია, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა მეტ-ნაკლებად სამართლიანი თამაშის წესებით იხელმძღვანელოს?
ცნობილია, რომ ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოს აქვს შინაგანი კონფლიქტი საერთაშორისო ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ ხდება, რომ მსოფლიოში არ არსებობს ცენტრალიზებული მართვის სისტემა, რომელიც გააკონტროლებდა სახელმწიფოების ქცევას და დასჯიდა დამნაშავეებს (ასეთი იერარქიული სისტემის როლს შიდა პოლიტიკაში ხელისუფლება ასრულებს). ამის გამო, ყველა ქვეყანა მიდრეკილია იმისკენ, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას ისე, როგორც შეუძლია.
თუ ეს ასეა (და ალბათ ყველაზე თავგამოდებულ ინტერნაციონალისტებსაც კი გაუჭირდებათ იმის უარყოფა, რომ რეალობა მართლაც ასეთია), მაშინ რამდენად მოსალოდნელია ის, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა უარი თქვას საკუთარ ეგოისტურ ინტერესზე და იმოქმედოს იმ ნორმების შესაბამისად, რაც კოლექტიურად დადგენილია?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ დემოკრატიული რეჟიმები იმთავითვე შეგუებულები არიან ნორმებისადმი პატივისცემას; მათ ხელისუფლებებს უკვე გამომუშავებული აქვთ საკუთარი ინტერესების მოთოკვის უნარი, რადგან დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურაში სხვანაირად ისინი დიდხანს ვერ იარსებებენ. ასეთი თვითკონტროლის მექანიზმები ავტორიტარ მთავრობებს ან საერთოდ არ გააჩნით, ან ძალიან მინიმალური დოზით აქვთ განვითარებული. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო ურთიერთობების ხედვა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის მისაღები იყოს.
აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტი, რომ პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უკვე ავიწროებს ახლომდებარე, შედარებით მომცრო სახელმწიფოებს – ფილიპინებს, ვიეტნამსა და მალაიზიას. ჩინეთის პრეტენზიები გამოიხატება ე.წ. „ცხრაპუნქტიანი ხაზით“ (“Nine-Dash Line”), რომელიც რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული წყლების მისაკუთრებას გულისხმობს. ამის გამო, ბოლო დროს, ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ამ უკანასკნელმა აშშ-სთან გაფუჭებული პარტნიორობა აღადგინა და თავის ტერიტორიაზე ამერიკის ახალი სამხედრო ბაზები განათავსა.
ბოლოს უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის გაღრმავებული პოლიტიკური ურთიერთობები განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახლა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პუტინი და სი ძინპინი თავიანთ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას „უსაზღვრო მეგობრობას“ უწოდებენ. როგორ წარმოუდგენია საქართველოს, რომ ჩინეთი ასეთ გადამწყვეტ მომენტში უარს იტყვის რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობაზე“ საქართველოსთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ სასარგებლოდ?
რა თქმა უნდა, ამ სტატიაში იმის თქმა არ მსურს, რომ საქართველომ ჩინეთთან ყველა სახის ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. მოცემულ სიტუაციაში, თითქმის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან გარკვეული სახის კომერციული კავშირები შეინარჩუნოს. ამ საკითხს ევროპელები და ამერიკელებიც (ჩინეთის მთავარი ოპონენტები) კი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. თუმცა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან არ იქცეს ხაფანგად.
სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმდენად არის დაინტერესებული დასავლეთთან არაჯანსაღი ოპონირებით და საკუთარი ავტორიტარული მიდრეკილებების შენარჩუნებით, რომ მას დიდად არ ანაღვლებს ის, თუ რამდენად ასიმეტრიულ დამოკიდებულებაში შევალთ ჩინეთთან. ასეთი დიპლომატიური ჩავარდნები კი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციებს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს.