სინგაპურში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მსოფლიოს 50 საუკეთესო ბარი გამოვლინდა. 2023 წლის საუკეთესო ბარების სიაში პირველობა ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში მდებარე Sips-მა მოიპოვა, მეორე და მესამე პოზიციები კი შესაბამისად ნიუ-იორკის Double Chicken Please-მა და მეხიკოს Handshake Speakeasy-მა გადაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ცერემონია აზიაში გაიმართა.
ყოველწლიური რეიტინგი გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კომპანია William Reed Business Media-ს მიერ გამოიცემა, რომელიც ამასთან ერთად „მსოფლიოს საუკეთესო 50 რესტორნისა“ და „მსოფლიოს საუკეთესო 50 სასტუმროს“ სიასაც ადგენს – ეს უკანასკნელი სექტემბერში გამოქვეყნდა. წლევანდელი, რიგით მე-15 გამოცემა ბარებს, მათ შორის 11 ახლად გახსნილს, ჯამში მსოფლიოს 28 ქალაქიდან აერთიანებს. 2023 წლის პირველადგილოსანი Sips-ი, გასულ წელს მესამე პოზიციიდან გადმონაცვლების შემდეგ, სიის ლიდერობას უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც ინარჩუნებს.
William Reed Business Media-ს წლევანდელი მონაცემებით, საუკეთესო ბარების რეიტინგში 22 დაწესებულებით ევროპის რეგიონი დომინირებს, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას 14 წარმომადგენელი ჰყავს. 2023 წლის სიის ტოპ-ათში მხოლოდ ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მდებარე ბარებს ვხვდებით. ევროპის ქალაქებს ყველაზე მეტი 2-2 პუნქტით ბარსელონა და ლონდონი არიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ ათეულს წელს ახალწვეულიც ჰყავს – ოსლოში მდებარე Himkok-ი გასული წლის შემდეგ 33 პოზიციით დაწინაურდა და საპატიო მეათე ადგილი დაიმსახურა.
აზიაში, მსოფლიოს საუკეთესო ბარებით, ლიდერი სინგაპურია. მსოფლიოს საუკეთესო 50 ბარს შორის სამი დაწესებულება სწორედ სინგაპურიდანაა, სეულში მდებარე Zest-ი კი სიის ახალწვეულებს შორის ყველაზე მაღალი, მე-18 პოზიციით გამოირჩევა.
William Reed-ის მიმდინარე წლის რეიტინგში ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა: ევროპის საუკეთესო ბარის ტიტული ბარსელონის Sips-მა მოიპოვა, ჩრდილოეთ ამერიკაში საუკეთესო ბარად ნიუ-იორკის Double Chicken Please-ი დასახელდა, სამხრეთ ამერიკაში – კარტახენის Alquímico, აზიაში – ბანგკოკში მდებარე BKK Social Club-ი, ხოლო ავსტრალიის საუკეთესო ბარი Maybe Sammy გახდა.
წლევანდელი სია მთელ მსოფლიოში დარგის 680 ექსპერტის, მათ შორის ბარმენებისა და ბარების მფლობელების ხმების მიხედვითაა შედგენილი. ჟიურის თითოეულ წევრს შვიდი ხმის უფლება აქვს, საიდანაც მათი მშობლიური ქვეყნის ბარებისთვის მაქსიმუმ ხუთი ხმის გადანაწილება შეუძლია. ამომრჩევლები ბოლო 18 თვის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა ესტუმრონ ბარს, იმ დაწესებულებისთვის ხმის მიცემა კი, რომელშიც პირს ფინანსური ინტერესი აქვს, აკრძალულია.
მსოფლიოს საუკეთესო ბარების ოცეული:
- Sips – ბარსელონა, ესპანეთი (ევროპის საუკეთესო ბარი)
- Double Chicken Please – ნიუ-იორკი, აშშ (ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ბარი)
- Handshake Speakeasy – მეხიკო, მექსიკა
- Paradiso – ბარსელონა, ესპანეთი
- Connaught Bar – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
- Little Red Door – პარიზი, საფრანგეთი
- Licorería Limantour – მეხიკო, მექსიკა
- Tayēr + Elementary – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
- Alquímico – კარტახენა, კოლუმბია (სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ბარი)
- Himkok – ოსლო, ნორვეგია
- Tres Monos – ბუენოს-აირესი, არგენტინა
- Line – ათენი, საბერძნეთი
- BKK Social Club – ბანგკოკი, ტაილანდი (აზიის საუკეთესო ბარი)
- Jigger & Pony – სინგაპური, სინგაპური
- Maybe Sammy – სიდნეი, ავსტრალია (ავსტრალაზიას საუკეთესო ბარი)
- Salmon Guru – მადრიდი, ესპანეთი
- Overstory – ნიუ-იორკი, აშშ
- Zest – სეული, სამხრეთი კორეა
- Mahaniyom Cocktail Bar – ბანგკოკი, ტაილანდი
- Coa – ჰონგ-კონგი