გასულ კვარტალში, მარკ ცუკერბერგის ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ, კომპანიის ისტორიაში მოგებისა და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. 30 სექტემბერს დასრულებულ სამთვიან პერიოდში, Facebook-ის მშობელმა ფირმამ გაყიდვებიდან $34.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, კომპანიის მოგებამ კი თითო აქციაზე $4.39 შეადგინა.
Meta-ს შედეგებმა გადააჭარბა ანალიტიკოსთა პროგნოზებს, რომლებიც შემოსავლებისა და თითო აქციაზე მოგებისთვის, შესაბამისად, $33.6 მილიარდისა და $3.64-ის მიღებას ვარაუდობდნენ. აღნიშნული მონაცემები, 2023 წლის მესამე კვარტალს, Meta-ს ისტორიაში ყველაზე მოგებიან კვარტალად აქცევს, კომპანიის კვარტალურ შემოსავალს კი რეკორდულ ნიშნულამდე ზრდის.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Meta-ს აქციების ფასი ჩვეულებრივ სავაჭრო საათებში დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს, ცუკერბერგის ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ღირებულება 140%-ითაა გაზრდილი, რაც მას მეორე ყველაზე წარმატებულ აქციად აქცევს S&P 500-ზე.
Meta-ს შემოსავლების რეკორდული ზრდა 2022 წლის შემდეგ კურსის ცვლილებასა და სარეკლამო ბიზნესის გაძლიერებას უკავშირდება. კომპანია შემოსავლების 95%-ს რეკლამირებიდან გამოიმუშავებს, რეკლამების გაყიდვები წლიურად 24%-ითაა გაზრდილი. გარდა ამისა, მოგების ზრდის დიდი ნაწილი ხარჯების შემცირებაზე მოდის. ცუკერბერგის „ეფექტიანი წლის“ განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც 20,000-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს, კომპანიის ხარჯები წლიურად 4%-ით შემცირდა.
მიუხედავად ამისა, „მეტავერსის“ განყოფილების შემთხვევაში, კომპანია კვლავ ზარალზეა. მხოლოდ გასულ კვარტალში „მეტავერსმა“ კომპანიას $3.7 მილიარდის ზარალი მოუტანა, 2021 წლის დაარსებიდან დღიდან კი ზარალის საერთო მოცულობამ $35 მილიარდს გადააჭარბა.