საქართველოს ექსპორტი შემცირდა

საქართველოს ექსპორტი შემცირდა

2014 წლის ბოლო თვეების მონაცემებით, კერძოდ აგვისტო-ოქტომბერში ექსპორტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ექსპორტი აგვისტოში 12.8%-ით, სექტემბერში 7%-ით, ხოლო ოქტომბერში 5%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ექსპორტის ზრდის ტემპი დაახლოებით 13% იყო, 10 თვის მონაცემებით კი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 5%-მდე დაეცა.

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა გასული წლების [2011-2013] ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.

2014 წლის 10 თვეში დაფიქსირებული ექსპორტის 5%-იანი ზრდა ძირითადად რუსეთში ექსპორტის ზრდამ განაპირობა. რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდის გარეშე, 2014 წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტი მხოლოდ 0.7%-ით გაიზრდებოდა. ხოლო აგვისტო-ოქტომბერში დაფიქსირებული შემცირება, რუსეთის ბაზრის გარეშე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. 2013-2014 წლებში რუსეთის ბაზარზე ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა: თუ მანამდე რუსეთის ბაზარს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 2% ეკავა, დღეს ის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10%-ს იკავებს და რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა. როგორც ვხედავთ, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ რუსეთის ბაზარზე შეინიშნება, იმ ფონზე, როცა არსებობს რისკი, რომ რუსეთმა პოლიტიკური მოტივაციით კვლავ დაუკეტოს თავისი ბაზარი ქართულ პროდუქციას. ისეთ არასაიმედო ბაზარზე დამოკიდებულება, როგორიც რუსეთის ბაზარია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგო რისკებს ზრდის.

ქვეყნისთვის ყველაზე არასაიმედო ბაზარზე ექსპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან აზერბაიჯანთან ექსპორტის კლებამ 100 მლნ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტის მოცულობა ასევე შემცირდა სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 2%-ით შემცირდა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მთლიანი ექსპორტის 52% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 23 %-ით გაიზარდა, ხოლო 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა.

საექსპორტო ათეულში, სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. 2014 წლის 10 თვეში ავტომობილების ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 113 მლნ დოლარით შემცირდა. ავტომობილების გასაღების ძირითად ბაზარს აზერბაიჯანი, სომხეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოადგენენ. ავტომობილების ექსპორტის შემცირების ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანში „ევრო-4-ის“ სტანდარტის შემოღება, ასევე ყაზახეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაა. 2014 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანმა „ევრო 4-ის“ სტანდარტი აამოქმედა, რაც 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს კრძალავს. ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირების მიზეზი ევრაზიული კავშირის ერთიანი სატარიფო სისტემაა, რომლის მიხედვითაც ავტომობილის განბაჟების ფასი დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. 2014 წლის ოქტომბერში ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა სომხეთმაც. აქედან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი, რომ ავტომობილების ექსპორტი სომხეთშიც შემცირდება. თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ავტომობილების ექსპორტში შექმნილი კრიზისული ვითარების აღმოსაფხვრელად, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ბოლო თვეებში ექსპორტის შემცირების ფონზე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ხელისუფლების წარმომადგენლები ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებენ. 20 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანალოგიური განცხადება 14 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც, გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობამ 2 425 მლნ დოლარი (5%-იანი ზრდა), ხოლო იმპორტმა 7 006 მლნ დოლარი (11%-იანი ზრდა) შეადგინა. ექსპორტთან შედარებით, იმპორტის უფრო სწრაფი ტემპით მატებამ საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. მიმდინარე წლის 10 თვეში დეფიციტი 2013 წლის დეფიციტზე 593 მლნ დოლარით მეტია.

 დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტემპი დაეცა და ის 2011-2013 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ექსპორტი შემცირდა დსთ-ის ქვეყნების ჯგუფში, რომელიც მთლიანი ექსპორტის ნახევარზე მეტს იკავებს. ექსპორტი ასევე შემცირდა უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში (მსუბუქი ავტომობილები). ბოლო თვეების (აგვისტო-ოქტომბერი) მონაცემებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად მცირდება. საექსპორტო ბაზარი კი ნელ-ნელა ხდება „მეზობელ“ რუსეთზე დამოკიდებული, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე არასაიმედო პარტნიორია.