დისტანციური მუშაობის პოლიტიკის მქონე კომპანიები უფრო მეტს გამოიმუშავებენ | კვლევა

დისტანციური მუშაობის პოლიტიკის მქონე კომპანიები უფრო მეტს გამოიმუშავებენ | კვლევა

ჰიბრიდული სამუშაო მართვის სტარტაპ Scoop-ისა და Boston Consulting Group-ის პარტნიორობით უახლესი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის ფარგლებშიც ჯამში 554 საჯარო კომპანიაში, დისტანციური მუშაობის პოლიტიკასთან მიმართებით, ფირმების შემოსავლიანობის ზრდა იქნა შესწავლილი. კვლევა Flex Index-ის მონაცემებს აერთიანებს.

ანგარიშის თანახმად, საშუალო საჯარო კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს ოფისიდან მუშაობაზე არჩევანის თავისუფლებას უტოვებენ, უფრო შემზღუდავი პოლიტიკის მქონე ფირმებთან შედარებით, ბოლო სამ წელიწადში შემოსავლებში 16%-ით უფრო მაღალ ზრდას აფიქსირებენ. ანალიზი მოიცავს 2020-2022 წლებში კომპანიების შემოსავლების ზრდას და მაღალი და დაბალი ზრდის სექტორებს შორის განსხვავების აღმოსაფხვრელად ინდუსტრიის შედეგიანობასთან მიმართებით მონაცემების ნორმალიზებას ახდენს.

როგორც კვლევა ცხადყოფს, სამი წლის განმავლობაში იმ კომპანიათა შემოსავლების ზრდის ტემპი, რომლებიც „სრულად მოქნილ“ სამუშაო პრაქტიკას ირჩევენ – თანამშრომლები თავად წყვეტენ, როდის მივიდნენ ოფისში ან სრულად დისტანციურად მუშაობენ – 21%-ს უტოლდება. შედარებით შეზღუდული პოლიტიკის შემთხვევაში – კვირაში რამდენიმე დღით ან სრულ განაკვეთზე ოფისში მუშაობა – მხოლოდ 5%-ია. ტექნოლოგიური კომპანიების გამორიცხვისას, სრულად მოქნილი გრაფიკის მქონე კომპანიების შედეგიანობა 13%-ით უფრო მაღალია.

ცნობისთვის, Scoop-ის Flex Index-ის მონაცემები, საერთო ჯამში, ყველა ზომის 7,500 კომპანიის პოლიტიკას მოიცავს – მათგან ანგარიშში საჯარო ბაზარზე არსებული 554 კომპანიაა წარმოდგენილი, საიდანაც: 27% იყენებს სრულად მოქნილ პოლიტიკას, 55% – ჰიბრიდულ პოლიტიკას, ოფისში მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის მოთხოვნებით, 17%-ის თანამშრომლები კი სრულ განაკვეთზე ოფისიდან მუშაობენ.