ტრადიციულად, მადლიერების დღის წინ, მილიარდერმა ფილანთროპმა უორენ ბაფეტმა მისი კომპანია Berkshire Hathaway-ის $870 მილიონზე მეტის ღირებულების აქციები ოთხ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ბაფეტის კონგლომერატის „B“-კლასის, 1.5 მილიონი აქცია Thompson Buffett Foundation-ს გადაეცა – ფონდს, რომელიც ინვესტირებას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახური საკითხების მიმართულებით ახდენს; ასევე „B“-კლასის 900,000 აქცია ბაფეტის შვილების მმართველობის ქვეშ არსებულ ფონდებში გადანაწილდა, ესენია: Sherwood Foundation-ი, Howard G. Buffett Foundation-ი და NoVo Foundation-ი.
მილიარდერმა, თავისივე ცხოვრების განმავლობაში, ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობა 2006 წელს დადო. ამჟამად 93 წლის ბაფეტი თავისი $121-მილიარდიანი ქონების 99%-ის გაცემას გეგმავს. 2006 წლის შემდეგ, მილიარდერი თავისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ ოთხ საქველმოქმედო ორგანიზაციას ყოველწლიურად ეხმარება. მხოლოდ გასულ წელს საოჯახო ფონდებისთვის ბიზნესმენმა იმ დროისთვის კომპანიის $750 მილიონის აქციები გაიღო.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, 93 წლის ბაფეტის ქონების წმინდა ღირებულება $121 მილიარდს უტოლდება და ის მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი ადამიანია. ცნობისთვის, ბაფეტი გეიტსებთან ერთად The Giving Pledge-ის ინიციატორია – შეთანხმების, რომელზე ხელმოწერითაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სიცოცხლის განმავლობაში და გარდაცვალების შემდგომ ქველმოქმედებისთვის ქონების მინიმუმ ნახევრის შეწირვის ვალდებულებას იღებენ.