შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ

შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში) – See more at: http://forbes.ge/news/231/qalebis-roli-ekonomikaSi#sthash.cQM2C3Fu.dpuf

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში) – See more at: http://forbes.ge/news/231/qalebis-roli-ekonomikaSi#sthash.cQM2C3Fu.dpuf

თემურ ჭყონიამ ამერიკული ოცნების ახდენა საბჭოთა კავშირში დაიწყო. დაბალი მოსწრების სტუდენტმა მოსკოვის რიგითი პურის ქარხნის რიგითი მუშის პოზიციიდან ლიმონათის ქარხნის მთავარ ინჟინრობამდე გაიკვლია გზა, შემდეგ კი საქართველოში „კოკა-კოლას“ ჩამოსხმის ლიცენზია მიიღო. „კოკა-კოლას“ ამერიკის მეორე „სიმბოლო“ – „მაკდონალდსი“ მოჰყვა. მისი წარმატების ფორმულა ამერიკაზე ძველია: „მომენტების შეჩერება და გამოყენება უნდა შეძლო“.

არ გამოდგა ადვილი ფოტოგრაფისა და ფოტორედაქტორისთვის თემურ ჭყონიასთან მუშაობა. თითქმის ყველა კადრს იწუნებს: “აქ ცუდად ვდგავარ”, “ოჰ, რანაირად ვიცინი”, “პიჯაკი ხომ არ გავიხადო”, “არა, ეს არ მომწონს, საშინელებაა”. თემურ ჭყონიას შინდისფერ კაბინეტში ფოტოაპარატის ჩხაკუნი კარგა ხანს გრძელდება. ესეც ასე, კადრი შერჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ შინდისფერ კაბინეტში ფოტოგრაფსა და ჩემს რესპონდენტს შორის შეთანხმება მიღწეულია. თუმცა “ბრძოლა” არ დასრულებულა. გადაღებები “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ქარხანაში ინაცვლებს. ვცდილობ, გადასაღებ მოედნამდე უსაფრთხოდ მივაღწიო. პოლიეთილენის ბოთლები ელვის სისწრაფით ინაცვლებენ დანადგარიდან დანადგარზე. შთამბეჭდავი და დაუვიწყარი სანახავი უნდა იყოს აქაურობა მათთვის, ვისთვისაც კოკა-კოლა, უბრალოდ, ცხოვრების წესია. მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი. განსაკუთრებით ეფექტურია ქილებში ჩამოსხმული კოკა-კოლას შეკვრებისგან შექმნილი თვალუწვდენელი კედელი. რა მაგარია, ვფიქრობ, ერთი ასეთი კედელი სახლში ან სამსახურში და პრობლემაც მოგვარებულია: არც კომპიუტერიდან გჭირდება ადგომა და არც სავარძლიდან წამოდგომა და მაღაზიაში ჩასვლა, იმისათვის, რომ კოკა-კოლა დალიო ანუ კოკა-კოლა მუდამ შენთანაა. ზუსტად ისე, როგორც კოკა-კოლას ერთ-ერთ ცნობილ სლოგანში – “always coca-cola”. სხვათა შორის ეს სლოგანი კოკა-კოლამ 1993 წელს შეარჩია. სწორედ ამ წელს ჩამოისხა საქართველოში პირველი კოკა-კოლა, თუმცა ამაზე მოგვიანებით გეტყვით. მანამდე კიდევ რამდენიმე ფოტოა გადასაღები. აი აქ კი უნდა ვაღიარო, რომ თემურ ჭყონია სრულიად იცვლება. კაბინეტში მიმდინარე ფოტოსესიისგან განსხვავებით, ქარხანაში ის გაცილებით დამყოლი და მეტიც, ინიციატორიც კი ხდება. აქეთ სთავაზობს ფოტოგრაფებს კადრებს, კოკა-კოლას შეკვრას მხარზე იდგამს და მონდომებით პოზირებს. საბოლოო ანგარიშით ფოტოგრაფი, ფოტორედაქტორი და თავად თემურ ჭყონია ფოტოსესიით კმაყოფილნი რჩებიან.

“არ მიყვარს ასეთი ინტერვიუები”…

ძნელი არ არის მოიძიო ინფორმაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის, თემურ ჭყონიას შესახებ. მასზე ბევრს წერენ, მასზე ბევრს ლაპარაკობენ. მასზე ბევრი რამ იციან, ბევრიც არ იციან. ბიზნესმენი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” მფლობელი თემურ ჭყონია 63 წლისაა. ის ბოლნისში დაიბადა.

–         არ მიყვარს ასეთი ინტერვიუები, – მეუბნება ხის დიდ საწერ მაგიდასთან მჯდომი თემურ ჭყონია და აგრძელებს, – ვის რაში აინტერესებს ჩემი წარსული ან როგორი ახალგაზრდა ვიყავი. და საერთოდ მე არ მახსოვს ჩემი წარსული, – ამბობს თემურ ჭყონია და ჩუმდება.

–         მაშინ, ასე ინტერვიუ არ გამოგვივა, – ვპასუხობ.

–         მე წარსულს სულ ვივიწყებ. ადამიანი იმდენ შეცდომას უშვებს, წარსულით რომ იცხოვრო, დეპრესიაში ჩავარდები. ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო.

–         თქვენ ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული?

–         უფ, კი, უამრავი.

–         მაინც რა შეცდომები, თუ საიდუმლო არ არის?

–         საიდუმლო არ არის, მაგრამ არც საინტერესოა.

შეცდომებზე ლაპარაკს აქ ამთავრებს. არ უნდა შეცდომებზე ლაპარაკი.

მეუბნება, რომ არც ბავშვობა ახსოვს და არც ის, თუ რაზე ოცნებობდა: “ერთადერთი, რაც მახსოვს, არის ის, რომ სპორტი მიყვარდა. ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა, კრივი… თითქმის ყველაფერი კარგად გამომდიოდა და ბევრსაც ვვარჯიშობდი. ჰო, და კიდევ ქუჩაში, მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარდა. ჩვენს დროს არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი და არც კომპიუტერი. ქუჩა და მეგობრების წრე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა შეგეძლო. ახლა ყველა თავის ოთახშია ჩაკეტილი. ჩემს შვილიშვილებს რომ ვუყურებ, შექმნილი აქვთ თავიანთი სამყარო, რომელიც მხოლოდ ინტერნეტთან და კომპიუტერთან არის დაკავშირებული და რომელიც, სამწუხაროდ, ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, აცალკევებს”.

პურის ქარხნიდან ლიმონათის ქარხნამდე

თემურ ჭყონიამ დამოუკიდებლად ცხოვრება საკმაოდ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ გადაწყვიტა. ის არა მარტო ოჯახიდან, არამედ ქვეყნიდანაც კი წავიდა და მოსკოვში დასახლდა. მოსკოვის ქიმიური მანქანათმშენებლობის ინსტიტუტში, საღამოს განყოფილებაზე ჩაირიცხა. დღისით კი პურის ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ: “თავიდან რიგითი მუშა ვიყავი, მერე დამაწინაურეს, ცვლის უფროსად დამნიშნეს. პარალელურად ვსწავლობდი, მაგრამ ცუდად, რუსული თითქმის არ ვიცოდი”, – იხსენებს თემურ ჭყონია.

ვატყობ, რომ თემურ ჭყონიას დეტალებზე ლაპარაკი არ ხიბლავს. ცდილობს, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლოს. მან მოსკოვში რვა წელი იცხოვრა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას მშობლები უმართავდნენ ხელს. ვცდილობ, ცოტა მეტი კონკრეტული ინფორმაცია გამოვტყუო, მაგრამ არ გამომდის, “ეს ვის რაში აინტერესებს”, – თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი ამ სიტყვებით იწყება.

–         და მაინც ამ რვა წლის განმავლობაში რას მიაღწიეთ მოსკოვში? – არ ვეშვები.

–         საინტერესოს არაფერს. გავიცანი ჩემი ცოლი. ეს იყო და ეს. რვა წლის თავზე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთთან ჩემი კოჰაბიტაცია ვერ შედგებოდა და დავბრუნდით საქართველოში. აქ მზიანი თბილისი დამხვდა, – წარსულის გახსენებით გამხიარულებული თემურ ჭყონია ხელებს იფშვნეტს და მომდევნო კითხვაზე საპასუხოდ ემზადება, რომლის პასუხიც წინასწარ ვიცი, რა სიტყვებითაც დაიწყება: “ეს ვის რაში აინტერესებს”…

თბილისში დაბრუნებულმა მუშაობა წერეთლის გამზირზე, უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში, “თბილხილწყალში”, რიგით მექანიკოსად დაიწყო. დაუღალავი შრომა მალევე დაუფასდა, დააწინაურეს და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად დანიშნეს: “ეს იყო ყველაზე უსაქმური თანამდებობა წარმოებაში. მაგრამ არც ახლა მიყვარს და არც მაშინ მიყვარდა სიტუაციასთან შეგუება. გამუდმებით სიახლეებს ვეძებდი და გადავწყვიტე, ქარხნის აღჭურვილობაზე მეზრუნა. არაჩვეულებრივი დირექტორი გვყავდა – თამაზ ჯავახიშვილი. არაერთი წინადადება შევთავაზე, რაც მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა “თბილხილწყალში”. ჯერ წარმოების უფროსად დამნიშნეს, შემდეგ – მთავარ ინჟინრად. დავიწყეთ სერიოზული ტექნიკური გადაიარაღება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავამყარეთ საქმიანი ურთიერთობა ბულგარეთთან”, – ჰყვება თემურ ჭყონია.

“თბილხილწყლის” ტექნიკური გადაიარაღება 80-იან წლებში განხორციელდა, სწორედ მაშინ, როდესაც სკკპ ცკ-ისმდივანი ეგორ ლიგაჩოვი ე.წ. “მშრალი კანონის” ინიციატივით გამოვიდა და პრიორიტეტად უალკოჰოლო სასმელები გამოაცხადა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ქარხნის დათვალიერება ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა. მაშინ ის ცკ-ის მდივანი იყო. იმ დღეს, როცა ედუარდ შევარდნაძე ქარხანაში მივიდა, თემურ ჭყონია სიამოვნებით იხსენებს: “დეტალურად დავათვალიერებინე ქარხანა. დიდხანს ვისაუბრეთ. ძირითადად მეკითხებოდა, როგორ აღიჭურვა ქარხანა, რა ტექნოლოგიას ვიყენებდით ლიმონათის საწარმოებლად. თანამშრომლები შორიდან გვადევნებდნენ თვალს და როგორც კი ედუარდ შევარდნაძე წავიდა, მაშინვე მკითხეს, რაზე ლაპარაკობდითო. ვიხუმრე, ბიოგრაფია გამომკითხა და მითხრა, ჩემი სახელით დაგირეკავენო. გადაირივნენ, ჩათვალეს, რომ ედუარდ შევარდნაძე თანამდებობაზე დანიშვნას მიპირებდა და სანამ რამდენიმე დღის შემდეგ არ ვუთხარი, გაგეხუმრეთ-მეთქი, მანამდე ყოველდღე მეკითხებოდნენ, აბა, რას შვრები, ხომ არავის დაურეკავს ზემოდანო”, – იცინის თემურ ჭყონია და ამატებს: “არ მიყვარს ტრაბახი, მაგრამ “თბილხილწყლის” წარმატებაში სერიოზული წვლილი მიმიძღვის”.

“Always Coca-cola”

“მოუსვენარი ტიპი ვიყავი”, – უკვე მერამდენედ მიმეორებს თემურ ჭყონია: “მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებოდი და მხოლოდ ლიმონათი ვერ იქნებოდა ჩემი ბოლო გაჩერება”… არადა, ქვეყანაში 90-იანი წლები დადგა. წლები, როცა ბიზნესის წარმოება კი არა, მოსახლეობას თვითგადარჩენისთვის უწევდა ყოველდღიური ზრუნვა. მაგრამ ხანდახან გამოუცდელობამ და უცოდინრობამ შეიძლება უფრო დიდი წარმატება მოუტანოს ადამიანს, ვიდრე ცოდნამ და გამოცდილებამ, მეუბნება თემურ ჭყონია და იწყებს იმ ამბის მოყოლას, როცა ერთ მშვენიერ დღეს მოუვიდა იდეა, რომ 90-იანი წლების საქართველოში კოკა-კოლა ჩამოესხა: “რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რომ ჩემპიონი ვყოფილიყავი? როცა ფეხბურთელი ხარ, კრივს არ უნდა მიჰყო ხელი, ანუ რაც ვიცოდი, იმის კეთება უნდა გამეგრძელებინა, უალკოჰოლო სასმელების ჩემპიონი კი კოკა-კოლაა და ამ გადაწყვეტილებამდეც მივედი”, – მიყვება თემურ ჭყონია და იმ ხელნაწერი წერილის ასლს მაჩვენებს, რომელიც დონალდ კიუს, კოკა-კოლას იმდროინდელ პრეზიდენტს მისწერა: “მაშინ არც ინგლისური საბეჭდი მანქანა იყო და ინგლისურის კარგი მცოდნეებიც ცოტანი იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო დათო კოღუაშვილი, ყოფილი პარლამენტარი. მაშინ ერთად ვმუშაობდით, ჩვენი წარმოების იურისტი იყო. ჰოდა, არც მეტი არც ნაკლები, დონალდ კიუს მივწერეთ წერილი. დონალდ კიუ ალბათ წერილებს საერთოდ არ კითხულობს, მით უმეტეს – ხელნაწერს. სხვათა შორის, ის წერილი დღემდე ინახება ატლანტის მუზეუმში. მოკლედ, მივწერეთ, რომ ქართველები ვართ და გვინდა, რომ საქართველოშიც ჩამოვასხათ კოკა-კოლა. მაშინ მეგონა, რომ თუკი ლიმონათის ჩამოსხმა ვიცოდი და ამ ლიმონათს მოსკოვში ვყიდდი, არც კოკა-კოლასაც ჩამოსხმა გამიჭირდებოდა იმ ცნობილ მწვანე ბოთლებში, რომელშიც ლიმონათს ვასხამდით, უბრალოდ კოკა-კოლას ეტიკეტს მივარტყამდით და ეგ იქნებოდა. ახლა ამ გადასახედიდან შემიძლია ვთქვა: მე რომ დონალდ კიუს ადგილზე ვყოფილიყავი, მაშინდელ თემურ ჭყონიას ნამდვილად არ მივცემდი კოკა-კოლას ჩამოსხმის უფლებას”, – გულწრფელად მეუბნება ბიზნესმენი.

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, თემურ ჭყონიამ “კოკა-კოლასგან” წერილი ორ კვირაში მიიღო. საქართველოში სიტუაციის შესასწავლად “კოკა-კოლას” წარმომადგენელი მუხტარ კენტი ჩამოვიდა. თემურ ჭყონიას მასთან შეხვედრა კარგად ახსოვს: “აეროპორტში კარგად გარეცხილი, საკუთარი შინდისფერი “მერსედესით” დავხვდი. მაშინ ასე ითვლებოდა, თუკი ავტომატებით შეიარაღებული დაცვა გყავდა, ე.ი. მაგარი კაცი იყავი. მეც დავიქირავე ათი კაცი და კერძო თვითმფრინავს პირდაპირ ტრაპთან მივადექი. როგორც მოგვიანებით ბატონმა კენტმა მითხრა, ეს შეიარაღებული კაცები რომ დაუნახავს, შეშინებია. აეროპორტიდან გამოსულებს კი თბილისის ჩაბნელებული ქუჩები გველოდა. სასტუმრო “მეტეხის” დანახვისას გაუნათდა თვალები, როგორც ჩანს, იფიქრა, მეშველაო. მუხტარ კენტი მეორე დილით მზით გაჩახჩახებულმა თბილისმა მოხიბლა. თბილისის სითბომ დაათბო ჩვენი ურთიერთობა და დაგვიტოვა დიდი არზა – ფაქტობრივად, წიგნი იმ პირობებისა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ კოკა-კოლას ჩამოსხმაზე ლიცენზია მიგვეღო”, – ჰყვება თემურ ჭყონია.

მას დიდხანს აღარ უფიქრია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგა ყველა იმ პირობის შესრულებას, რასაც “კოკა-კოლა” ლიცენზიის გასაცემად ითხოვდა. ამისათვის ბიზნესმენს დიდი რაოდენობის თანხა სჭირდებოდა. როგორც თემურ ჭყონია მეუბნება, თავდაპირველად ლიმონათის ქარხნის გადაიარაღება საკუთარი ფულით დაიწყეს. თანხის მოსაგროვებლად ბევრი რამის გაყიდვა მოუწიათ და საბოლოოდ 300-400 ათას დოლარს მოუყარეს თავი. სწორედ ამ თანხით დაიწყო მან ქარხნის გადაიარაღება. ის საკუთარი მანქანით დადიოდა ბულგარეთში, თურქეთში, ყიდულობდა აღჭურვილობას, თარჯიმნად კი შვილი, სოფო ჭყონია, დაჰყავდა: “უშველებელ გზებს ვფარავდით, თან ჩემოდნით დამქონდა ფული. დღემდე არ ვიცი, ამას როგორ ვბედავდი, მაგრამ ვბედავდი და მორჩა”, – ამბობს თემურ ჭყონია.

“კოკა-კოლასთან” მოლაპარაკებების წარმოებას დაემთხვა ე.წ. თურქული კრედიტის აღებაც, რომელიც, თემურ ჭყონიას მსგავსად, იმ პერიოდში საქართველოში მოღვაწე სხვა ბიზნესმენებმაც აიღეს: “ეს იყო ოთხი მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკური კრედიტი. შევიძინეთ ისეთი დანადგარები და ტექნიკა, რომელიც არ გვჭირდებოდა. ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი გამოუცდელობის გამო დავუშვით”, – ამბობს თემურ ჭყონია, რომელმაც, როგორც კი ქარხნის გადაიარაღება დაასრულა, კიდევ ერთი წერილი მისწერა “კოკა-კოლას” და აცნობა, რომ კოკა-კოლას ჩამოსასხმელად ყველაფერი მზად ჰქონდა: “სიმართლე გითხრათ, ალბათ ჩვენს შრომას უფრო მეტად სცეს პატივი, ვიდრე დანარჩენ სხვა რამეს, გამოგვიგზავნეს სპეციალისტები და კოკა-კოლას პირველი ბოთლის ჩამოსასხმელად დავიწყეთ მზადება. პირველი ბოთლი 1993 წლის 30 ივნისს ჩამოვასხით. კოკა-კოლას ჩამოსხმა მაშინ დავიწყეთ, როცა საქართველოში არათუ ფული, ბანკიც კი არ იყო. არაერთხელ გავკოტრებულვართ. ასეთ დროს “კოკა-კოლა” სხვადასხვა სახის შეღავათს გვიწესებდა და ისევ ვახერხებდით ფეხზე წამოდგომას. სასაცილო ის არის, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ საქართველოში კოკა-კოლას ჩამოსხმა დავიწყეთ, ნორმალური მაღაზიებიც კი არ იყო, სუპერმარკეტებზე ხომ აღარ არის ლაპარაკი. ჩვენი წარმოების თანამშრომლები თავად დაატარებდნენ ყუთებით კოკა-კოლას და თავადვე ყიდდნენ”, – იხსენებს თემურ ჭყონია, რომელმაც კოკა-კოლას ჩამოსხმა 12 ათასი ბოთლით დაიწყო და 200 მილიონ ბოთლამდე ავიდა: “საქართველოში კოკა-კოლამ შექმნა ინდუსტრია. ჩვენ შემოვიყვანეთ პირველად სადისტრიბუციო მანქანები, ჩვენ დავიწყეთ პირველი გათამაშება, პირველი რეკლამები, შოუბიზნესის სპონსორობა. ჩვენ დავამკვიდრეთ უალკოჰოლო სასმელების ამერიკული სტილი”, – სიამაყით ამბობს თემურ ჭყონია.

კიდევ ერთი მიზანი, რაც თემურ ჭყონიას კოკა-კოლასთან დაკავშირებით აქვს, ეს არის ამ სასმელის აფხაზეთში შეტანა: “კოკა-კოლას აქვს თავისი ეკონომიკური რუკა. ამ რუკის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ჩვენი გაყიდვის არეალში შედის. დღესდღეობით, სამწუხაროდ, იქ რუსეთი შედის არალეგალურად. თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ მოლაპარაკება ვაწარმოო აფხაზეთის მთავრობასთან, რათა იქ კოკა-კოლა სწორედ საქართველოდან შევიდეს. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და მგონია, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. მინდა, რომ 2014 წელს ეს საკითხი მოვაგვარო, – იმედოვნებს თემურ ჭყონია. – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც სახალხო დიპლომატიის აღდგენასა და განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს პირველ რიგში ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ბევრი რამ შეიძლება გადაწყვიტოს. ჩვენი და აფხაზი ბიზნესმენების ურთიერთობა ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა განვითარდეს. მე თითქმის 20 წელია ვთანამშრომლობ მსოფლიოს წამყვან და უძლიერეს ბრენდებთან, ისინი მე მენდობიან, ენდობიან ჩემს ხარისხს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ბრენდები მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეშვეობით განავითარებენ საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთ ბიზნესს”.

დიდი პიჯაკით დაწყებული “მაკდონალდსის” ბიზნესი

კიდევ ერთი ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელიც თემურ ჭყონიამ საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს შემოიყვანა, “მაკდონალდსია”. ხმაური და აჟიოტაჟი მის ამ ინიციატივას იმთავითვე მოჰყვა. განსაკუთრებით “შთამბეჭდავი და დაუვიწყარი” იყო არგუმენტი, “ხინკლისა და ხაჭაპურის ქვეყანაში “მაკდონალდსს” რა უნდა”. “მაკდონალდსის” ხელმძღვანელობასთან თემურ ჭყონიას რეკომენდაცია “კოკა-კოლას” წარმომადგენლებმა გაუწიეს. თემურ ჭყონიასთვის ჩიკაგოში, “მაკდონალდსის” მთავარ ოფისში ვიზიტს ექსცესების, თუმცა მხიარული ექსცესების, გარეშე არ ჩაუვლია. ჩიკაგოში, “მაკდონალდსის” ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ კანტალუპოსთან საქმიანი ვიზიტით ჩასულმა თემურ ჭყონიამ აღმოაჩინა, რომ ბარგი დაკარგა. მაღაზიაში კი კონსულტანტმა შემთხვევით რამდენიმე ზომით დიდი პიჯაკი შეუფუთა და ოფიციალური მოლაპარაკებები მან სწორედ იმ დიდი პიჯაკით აწარმოა. როგორც თემურ ჭყონია მეუბნება, “მაკდონალდსის” საქართველოში შემოსვლაში დიდი როლი ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პიროვნებამ ითამაშა: “იმ პერიოდში ედუარდ შევარდნაძე გარკვეულწილად ბრენდს წარმოადგენდა. ჯიმ კანტალუპომ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის ორგანიზება მთხოვა. მე საქართველოს პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მქონდა. გარდა პირადი ურთიერთობისა, ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვიყავი. დავპირდი, რომ ედუარდ შევარდნაძეს აუცილებლად შევახვედრებდი. ჯიმ კანტალუპო მალევე ჩამოვიდა თბილისში. რამდენიმე ადგილი მოინახულა რესტორნის გასახსნელად, თუმცა საბოლოოდ არჩევანი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერა. მაშინ იქ “აეროფლოტის” მიტოვებული შენობა იდგა. ეს შენობა მიზერულ თანხად შევიძინე და რესტორნის შენება დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ბატონ კანტალუპოს დანაპირები შევუსრულე და საქართველოს პრეზიდენტს შევახვედრე. პირველი რესტორანი რუსთაველზე 1999 წელს გავხსენით”.

თემურ ჭყონიას ჯამში “მაკდონალდსის” 15 რესტორანის აშენება აქვს გეგმაში: “ამჯერად ექვსი რესტორანი გვაქვს, 2014 წელს გაიხსნება რესტორანი გლდანში. ამჯერად ვაპირებთ ქალაქის გარეუბნები მოვიცვათ”. დღესდღეობით “მაკდონალდსში” 800 ადამიანია დასაქმებული, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” კი მასში 20 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

როგორც კოკა-კოლას შემთხვევაში, აფხაზეთში შესვლის თემა “მაკდონალდსისთვისაც” აქტუალურია. მიმდინარე წლის იანვარში “მაკდონალდსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე აფხაზეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში იყო შეტანილი, სადაც “მაკდონალდსს” თავისი წარმომადგენლობა აქვს ან იქ შესვლის სურვილი გააჩნია. ეს ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდიდან მას შემდეგ გაქრა, რაც თემურ ჭყონია, პირადად დაუკავშირდა კომპანიის იურისტს და სიტუაციაში გარკვევა მოითხოვა. თემურ ჭყონიას თქმით, ისევე როგორც კოკა-კოლის შემთხვევაში, ამ სიტუაციაშიც არსებობს ეკონომიკური რუკა, რომლის მიხედვითაც, მასთან შეთანხმების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე “მაკდონალდსის” აშენება შეუძლებელია: “ეს იყო არა იმდენად მენეჯერის შეცდომა, არამედ ნიშანი, რომელიც შესაძლოა დიდი წარმატების საფუძველი გახდეს. ამჯერად უფრო აქტიურად ვაპირებ წამოვწიო ქართველი და აფხაზი ბიზნესმენების ურთიერთობის თემა”.

ბავშვობის ემოციებით აშენებული სასტუმრო

განსაკუთრებული ემოციურობით საუბრობს თემურ ჭყონია ქობულეთში, მის კუთვნილ სასტუმრო “ჯორჯიან ჰოტელ პალასის” შესახებ. 2005 წელს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” შპს “საქართველო” აუქციონზე 720 ათას ლარად შეისყიდა. შეძენილ ობიექტს პროფილი შეეცვალა და ის 2008 წელს სასტუმროდ გადაკეთდა. სანატორიუმი შპს “საქართველო” ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა და ვიდრე მას “კოკა-კოლა” შეიძენდა, სახელმწიფო საკუთრება იყო. თემურ ჭყონია სანატორიუმთან დაკავშირებულ თავისი ბავშვობის შთაბეჭდილებებს იხსენებს: “ეს იყო ე.წ. მეოთხე სამმართველოს დახურული სანატორიუმი, სადაც მხოლოდ მაღალი კლასის პარტიული მუშაკები და მათი ოჯახის წევრები ისვენებდნენ. მე და დედა ქობულეთში სანატორიუმის მოპირდაპირედ, ნაქირავებ სახლში ვისვენებდით ხოლმე და რკინის ღობეებიდან ვუთვალთვალებდი იქ ჩასულ დამსვენებლებს. ჩვენ, რიგით მოკვდავებს, იქ შესვლის უფლება არ გვქონდა. კადრებად მახსოვს, გახამებულწინსაფრიანი ოფიციანტი გოგონა, რომელიც სურნელოვან კატლეტებს დაატარებდა უშველებელი სინით”, – იხსენებს თემურ ჭყონია და მეუბნება: “ბავშვობის ემოციებმა დამაშვებინა “პატრიოტული შეცდომა”. მიუხედავად იმისა, რომ 155 ნომრისგან შემდგარი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო განსაკუთრებული მოგებიანობით არ გამოირჩევა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ერთხელ მოხვედრილ ადამიანს მეორედ ჩამოსვლა აუცილებლად მოუნდება. დღეს ქობულეთის სასტუმროში 300 ადგილობრივი მუშაობს. მართვისთვის სპეციალურად ჩამომყავს უცხოელები. იმიტომ არა, რომ პროფესიონალ ქართველებს ვერ ვიპოვი აქ, უბრალოდ, ამ ეტაპზე, უცხოეთში უკეთესი სპეციალისტები არიან. უცხოური გამოცდილება ჩვენს თანამშრომლებს ძალიან ეხმარება განვითარებაში”, – ამბობს თემურ ჭყონია.

გარდა “ჯორჯიან ჰოტელ პალასისა” თემურ ჭყონიას მფლობელობაშია სასტუმრო “სოლომონი” სიღნაღში. თუმცა სამომავლოდ ის კვლავაც გეგმავს სასტუმროების ბიზნესის გაფართოებას როგორც თბილისში, ისე ბაკურიანში.

“მე გაცილებით სტაბილური ვარ, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი”

“იცი, ჩემზე ხშირად ამბობენ, თემურ ჭყონია ყველა მთავრობას ერგებაო”, – მეუბნება “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი და იქვე ამატებს: “მე კი მგონია, რომ თავად მთავრობა მერგება მე, რადგან მე გაცილებით სტაბილური ვარ, ვიდრე პოლიტიკოსები. ბიუჯეტში ჩვენს შენატანებს თუ შეხედავს კაცი, ამას კარგად მიხვდება”, – ამბობს ის. ბიზნესმენის მტკიცებით, მას არასდროს ჰქონია პრობლემები ხელისუფლებასთან, თუმცა იმასაც ხაზს უსვამს, რომ არასდროს გამოუყენებია ის პირადი ურთიერთობები, რომლებიც მას ხელისუფლების პირველ პირებთან ჰქონდა: “მე არასდროს არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, ამის გამო “ნაციონალურ მოძრაობას” პოზიტიურ მხარეებს ვერ დავუკარგავდი და დღესაც ვაღიარებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლით ბევრი დადებითი ძვრა განხორციელდა. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ერთ რომელიმე მათგანზე არ უნდა გაამახვილო ყურადღება. რაც შემეხება მე, მე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. ყველა წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს შესაძლებლობაზე, უნარებზე, ფინანსებსა და ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული და ყველა ბიზნესმენს საკუთარი თავის სწორედ ასეთი რწმენა უნდა ჰქონდეს. არასდროს ველოდები სხვას. როგორც კი ლოდინს იწყებ, მაშინვე უკან მიდიხარ. ამბიცია მაქვს, რომ სულ წინ ვიარო. წინ სიარულში კი ჭკუა მეხმარება. ჭკუა, რომელიც არსად არ იყიდება. ამით არასდროს მიტრაბახია, საოცარ ილუზიებში არასდროს გადავვარდნილვარ. რეალობის შეგრძნება არასდროს დამიკარგავს და ჩემი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც არის”, – ფიქრობს თემურ ჭყონია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ახალი საქმეების წამოწყებაზე.

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ბოლო, 2013 წლის შენაძენი “კასტელ საქართველოა”. თემურ ჭყონია ლუდის ბიზნესში ჩაება: “ჩვენი მიზანია, ლუდის წარმოება მაღალ სტანდარტებამდე ავიყვანოთ. დაახლოებით სამ წელს გრძელდებოდა მოლაპარაკებები ჩემსა და “კასტელ საქართველოს” ხელმძღვანელობას შორის და საბოლოოდ, მართალია, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მაინც შევიძინეთ. დღესდღეობით იქ ტექნიკური გადაიარაღება მიმდინარეობს. მომავალ წელს კომპანიაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვგეგმავთ. აქტიურად ვაპირებთ საექსპორტო პროდუქციაზე მუშაობასაც. ამჯერად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ჩეხურ ბრენდთან. იმედი გვაქვს, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ეს ბრენდი საქართველოში შემოვა”, – ამბობს ბიზნესმენი.

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელსაც თემურ ჭყონია ფლობს, ახალციხესა და ვარძიაში არსებული წარმოებაა – “CO2”, სადაც თხევადი ნახშირორჟანგი იწარმოება. იქ მიღებული ნახშირორჟანგით მარაგდება თავად “კოკა-კოლა”, “ბორჯომი”. გარდა ამისა, თხევადი ნახშირორჟანგი ბაქოში იგზავნება: “ამ საქმიანობით მიღებული შემოსავალი იმდენად დიდი არ არის, რამდენადაც მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ვერცერთი გაზიანი უალკოჰოლო სასმელი ვერ დამზადდება”.

რაც შეეხება მშრალ, მაგრამ დიდ ციფრებს, რომელთა გარეშე ბიზნესმენების ცხოვრება წარმოუდგენელია, უნდა ითქვას, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” წლიური ბრუნვა 350 მილიონ ლარს აღწევს. დღიდან დაარსებისა, ანუ 1993 წლიდან, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ბიუჯეტში შეტანილი აქვს 174 668 000 ლარი. ბიუჯეტში 2013 წლის შენატანი 48 მილიონ ლარს აღწევს. რაც შეეხება თავად თემურ ჭყონიას ქონებას, მისი თქმით, დღესდღეობით ის 420 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ბიზნესმენს არ ჰყავს პირადი დაცვა, არ ემსახურება მძღოლი. არ მჭირდება და იმიტომო, მეუბნება. თავისუფალი დროც ბევრი აქვს. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს: “არასდროს მიმუშავია 24 საათი. ალბათ არ დამჭირვებია და იმიტომ. არც განსაკუთრებული ჰობი მაქვს, ალბათ განსატვირთად არც ეს დამჭირვებია და იმიტომ”, – ამბობს თემურ ჭყონია.

რაც შეეხება წარმატებული ბიზნესმენების კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას, ძვირფასი ბრენდებით გატაცებას, მეუბნება, რომ აცვია ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. მრავალფეროვნება არც ავტომობილების შერჩევისას იზიდავს: “მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი. ყოველთვის “მერსედესი” მყავდა და ახლაც “მერსედესი” მყავს. ოღონდ კლასს ნუ მკითხავთ, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ ძალიან კარგია”, – იცინის თემურ ჭყონია და მეუბნება: “ძალიან გთხოვ, ბიზნესმენებისათვის განკუთვნილ ტრადიციულ კითხვას ნუ დამისვამ წარმატების ფორმულის შესახებო”, – და ისე, რომ არაფერი მითქვამს, თავადვე მოაყოლა:

“ყველამ თვითონ უნდა იპოვოს თავისი გზა. ბანალური იქნება, რომ გითხრა, ისწავლე და იშრომეო, ეს ხომ ისედაც ჩვეულებრივი ამბავია. ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. სამწუხაროდ, ხშირად მქონია შემთხვევა, დამზარებია რაღაცის გაკეთება და მერე წინ დამხვედრია. აი სწორედ ასეთი მომენტების შეჩერება და გამოყენება უნდა შეძლო. ასეთი მომენტი ერთხელ მაინც აუცილებლად დგება ადამიანის ცხოვრებაში და ის უნდა დაიჭირო”, – მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერი მიკითხავს, თემურ ჭყონიამ თვითონ გამანდო წარმატების მიღწევის მისეული ხედვა.