სახელმწიფო ვალის მიხედვით ქვეყნების ათეული

სახელმწიფო ვალის მიხედვით ქვეყნების ათეული

მიმდინარე წელს გლობალური სახელმწიფო ვალი სავარაუდოდ $97.1 ტრილიონს მიაღწევს, რაც 40%-იანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ. პანდემიის პერიოდში, სამუშაო ბაზრის ხელშესაწყობად და ბიზნესთა გაკოტრების სერიის თავიდან ასაცილებლად, მთავრობებს რიგი ფინანსური ზომების მიღება მოუხდათ. მაღალი საპროცენტო განაკვეთები კი სამთავრობო ვალის ხარჯებს სახელმწიფოებისთვის კიდევ უფრო ზრდის.

წარმოდგენილ სიაში, მთავრობათა სახელმწიფო ვალის შესაფასებლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2023 წლის პროგნოზებია გამოყენებული. გლობალური სახელმწიფო ვალის მესამედით, $33.2 ტრილიონით, სიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ის შემთხვევაში, ვალის მომსახურების ღირებულება (პროცენტი) ამჟამად სახელმწიფო ხარჯების 20%-ს შეადგენს და ნავარაუდებია, რომ 2028 წლისთვის $1 ტრილიონს მიაღწევს, რაც თავდაცვაზე დახარჯულ მთლიან თანხას აღემატება.

მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის, იაპონიის სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია – 255%. ბოლო ორ ათწლეულში ქვეყნის ეროვნული ვალის მშპ-ის 100%-ისთვის გადაჭარბება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის – სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებმა და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელმა.

კონტინენტური დაყოფის შემთხვევაში, ჩრდილოეთი ამერიკა ლიდერია როგორც მთლიანი სახელმწიფო ვალის – $36 ტრილიონი, ასევე მშპ-სთან მიმართებით ვალის მაჩვენებლით – 117.6%. რეგიონში, აშშ-ის ვალის ზრდასთან ერთად, გაზრდილია კანადის სახელმწიფო ვალიც – $2.25 ტრილიონამდე, რის შედეგადაც ქვეყანა მიმდინარე რეიტინგის მე-9 პოზიციაზეა. ჩრდილოეთ ამერიკასთან საკმაოდ მიახლოებულია აზიისა და წყნარი ოკეანეთის საერთო სახელმწიფო ვალის მოცულობა, რომელიც $34 ტრილიონს აჭარბებს.

გლობალური სახელმწიფო ვალის 3.3%-ით, სამხრეთ ამერიკის ვალდებულება $3.2 ტრილიონს აღწევს. ინფლაციის კლების ტენდენციასთან ერთად, მთავრობათა ნაწილმა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც დაიწყო. მთლიანობაში, პროგნოზირებულია, რომ სახელმწიფო ვალის დონე მთელ რეგიონში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ვალის დონე სწრაფად იზრდება აფრიკაშიც, სახელმწიფო ვალის საშუალოდ 40% კი ქვეყანას უცხოურ ვალუტაში აქვს, შედეგად, მასზე გაცვლითი კურსის ცვლილებებიც მოქმედებს.

2028 წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ გლობალური სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ს გადააჭარბებს. ასეთი რამ კი მხოლოდ პანდემიის დროს მომხდარა.

რაც შეეხება საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს, მთლიან სახელმწიფო ვალსა და მშპ-სთან მიმართებით ვალის მაჩვენებელი მათ შემთხვევაში შემდეგნაირად ნაწილდება: საქართველო – $11.9 მილიარდი, 39.6%; რუსეთი – $394.8 მილიარდი, 21.2%; თურქეთი – $397.2 მილიარდი, 34.4%; აზერბაიჯანი – 14.1 მილიარდი, 18.2%; სომხეთი – $11.8 მილიარდი, 47.9%.

სახელმწიფო ვალის მიხედვით ქვეყნების ათეული (IMF-ის 2023 წლის პროგნოზი):

სახელმწიფომთლიანი ვალიმსოფლიო ვალის %ვალი მშპ-სთან
აშშ$33.2 ტრილიონი34.2%123.3%
ჩინეთი$14.7 ტრილიონი15.1%83.0%
იაპონია$10.8 ტრილიონი11.1%255.2%
გაერთ. სამეფო$3.5 ტრილიონი3.6%104.1%
საფრანგეთი$3.4 ტრილიონი3.5%110.0%
იტალია$3.1ტრილიონი3.2%143.7%
ინდოეთი$3 ტრილიონი3.1%81.9%
გერმანია$2.9 ტრილიონი3%65.9%
კანადა$2.3 ტრილიონი2.3%106.4%
ბრაზილია$1.9 ტრილიონი1.9%88.1%
მსოფლიო$97.1 ტრილიონი100%93.0%

სახელმწიფო ვალი რეგიონების მიხედვით (IMF-ის 2023 წლის პროგნოზი):

რეგიონიმთლიანი ვალიმსოფლიო ვალის %ვალი მშპ-სთან
ჩრდილოეთი ამერიკა$36.5 ტრილიონი37.5%117.6%
აზია და წყნარი ოკეანეთი$34.3 ტრილიონი35.3%92.5%
ევროპა$20.1 ტრილიონი20.7%79.1%
სამხრეთი ამერიკა$3.2 ტრილიონი3.3%77.2%
აფრიკა$1.9 ტრილიონი1.9%65.2%
დანარჩენი სამყარო$1.3 ტრილიონი1.3%31.4%