მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს სარგებლობს, 2015 წლის 17 ივნისისათვის მთელ ევროპაში გაითიშება და უკლებლივ ყველა ქვეყანა მთლიანად ციფრულ მაუწყებლობაზე გადაინაცვლებს, მათ შორის საქართველოც. ეს გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებლებმა 2006 წელს ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს იმ მიზეზით, რომ მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა, უბრალოდ, ვეღარ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს, ვინაიდან მიწისზედა სიხშირე, რომელიც ამოწურვად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს, ხელმისაწვდომი აღარაა. თანაც ციფრული მაუწყებლობა უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი ხარისხის გამოსახულებისა და ხმის მიღებას, ვიდრე მიწისზედა ანალოგური.
დიგიტალიზაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყანამ ეტაპობრივად დაიწყო და უკვე 2012 წლის ივნისისათვის მაუწყებლობა გაციფრულებული იყო ევროპის 24 ქვეყანაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში სატელიტური მაუწყებლობა ჯერ კიდევ 2006 წლამდე უკვე გადასული იყო ციფრულ მაუწყებლობაზე. საქართველომ მაუწყებლობის გაციფრულების პროცესი 2015 წლის მარტისათვის უნდა დაასრულოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის დასასრულებლად ორ წელზე ნაკლები დრო რჩება. ამასობაში კი, საქართველოს მოსახლეობამ ბევრი არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა მოელის და კონკრეტულად რის შეცვლას გულისხმობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.
ანალოგურსა და ციფრულ მაუწყებლობას შორის მთავარ განმასხვავებელს წარმოადგენს გზა, რომლითაც მათ მომხმარებლამდე გამოსახულება მიაქვთ. ანალოგური სიგნალისაგან განსხვავებით, ციფრული სიგნალი ინფორმაციას ყოფს ინდივიდუალურ ფრაგმენტებად და ამის ხარჯზე მომხმარებელი საკუთარ ტელევიზორში იღებს გამოსახულებისა და ხმის უკეთეს ხარისხს, რაც მთავარია შეფერხების გარეშე, რაც ხშირად ახასიათებს ანალოგურ სიგნალს მისი ტრანსმისიის უწყვეტობიდან გამომდინარე.
ამგვარად, იმ დროისათვის, როდესაც საქართველოში ანალოგური სიგნალი გაითიშება, ტელემაყურებული მზად უნდა იყოს ციფრული სიგნალის მისაღებად. ამისათვის კი საჭიროა, რომ მან ჩვეულებრივ ტელევიზორს, რომელსაც არა აქვს ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერა, მიუერთოს სპეციალური ადაპტერი ე.წ. სეტ-ტოპ-ბოქსი (თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ გზით ციფრული მაუწყებლობის უპირატესობები – კარგი გამოსახულება, ხმა და ა.შ. – შესამჩნევი არ იქნება, რადგან ადაპტერი ციფრულ სიგნალს ანალოგურად გარდაქმნის, რათა ანალოგურმა ტელევიზორმა აჩვენოს), ან შეიძინოს ახალი ტელევიზორი, რომელსაც აქვს ინტეგრირებული ციფრული რესივერი და მას მიუერთოს სეტ-ტოპ-ბოქსი, რის შედეგადაც ციფრული ტელევიზიის ყველა სიკეთე მისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ეს რაც შეეხება ტელევიზორს, თუმცა გარდა ტელევიზორთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისა, ტელემაყურებელმა უნდა აირჩიოს, რა ტიპის სიგნალით მიიღებს ციფრულ სიგნალს საკუთარ ტელევიზორში: სატელიტით, კაბელით თუ IPTV-ით (ინტერნეტტელევიზია). აქვე აღსანიშნავია, რომ სატელიტური ოპერატორები უკვე დიდი ხანია, გადასულები არიან ციფრული სიგნალის მიწოდებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ტელემაყურებლებს, რომლებიც მაუწყებლობას ისედაც სატელიტით იღებდნენ, ციფრულ მაუწყებლობაზე საყოველთაო გადასვლის შემდეგ არანაირი ცვლილება არ ელით. იგივე ვრცელდება საკაბელო და IPTV ტელევიზიის მომხმარებლებზეც, ვინაიდან სამივე ტიპის მაუწყებლობა უკვე კარგა ხანია, გაციფრულებულია.
სატელიტური მაუწყებლობა გულისხმობს ტელემაუწყებლის მიერ ტელემაყურებლისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას სატელიტზე განთავსებული თანამგზავრების მეშვეობით. განსხვავებით მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობისაგან, სატელიტურ მაუწყებლობას აქვს შესაძლებლობა სატელევიზიო სიგნალი მიაწოდოს ნებისმიერი მოცულობის ტერიტორიაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ ტერიტორიებზეც, რომლებიც ძნელად ხელმისაწვდომია ანალოგური ან საკაბელო მაუწყებლობისათვის. იმისათვის, რომ მომხმარებელმა სატელიტური მაუწყებლობა მიიღოს, საჭიროა სატელიტური ანტენა, კონვერტერი (ე.წ. რესივერი), და სეტ-ტოპ-ბოქსი.
რაც შეეხება საკაბელო ტელევიზიას, ის სიგნალს მომხმარებლის ტელევიზორამდე საკაბელო ქსელის მეშვეობით გადასცემს. ასეთი ქსელები, როგორც წესი, თავიდან ანალოგური მაუწყებლობისათვის შეიქმნა, მაგრამ დღეისათვის უკვე არსებობენ საკაბელო კომპანიები, რომლებიც აქტიურად გადადიან ციფრულ მაუწყებლობაზე. გამოსახულების ხარისხი, რომელსაც მომხმარებელი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით იღებს, არ ექცევა გარემო-პირობების ზეგავლენის ქვეშ, თუმცა სიგნალის სიძლიერე შესაძლოა დამოკიდებული იყოს ლოკაციასა და საცხოვრებლის ტიპზე. ამასთან, დღეისათვის საკაბელო ტელევიზიების გავრცელების არეალი საკმაოდ ლიმიტირებულია.
რაც შეეხება IPTV-ს (Internet Protocol Television), ის წარმოადგენს ინტერაქტიულ ციფრულ ტელევიზიას, რომელიც ტელემაყურებელს აძლევს საშუალებას მიიღოს ტელეპროგრამები ტელევიზორში ან კომპიუტერის ეკრანზე. ტელევიზია მომხმარებელს მიეწოდება IP-ქსელის მეშვეობით, რომელსაც ტელეკომუნიკაციის ოპერატორი აკონტროლებს.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ცვლილებებს გულისხმობს ტელემაუწყებლებისთვისაც. უპირველეს ყოველისა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შედეგად იზრდება სამაუწყებლო რესურსი და უფრო მეტ ტელეარხს შეუძლია იფუნქციონიროს სატელევიზიო ბაზარზე, რაც აქამდე პრობლემური იყო სიხშირეების შეზღუდული რაოდენობის გამო. ამასთან, უნდა შეიქმნას მულტიპლექს-ოპერატორი, რომელმაც უნდა შექმნას მულტიპლექსური პლატფორმები. ამ პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის დაფარვა ციფრული სიგნალით და სატელევიზიო არხების გადაცემა. ანუ, ტელეკომპანიებს საკუთარი სიგნალის გასავრცელებლად აღნიშნულმა მულტიპლექსის ოპერატორმა უნდა გაუწიოს მომსახურება. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართული მაუწყებლები DVB-T2 (Digital Video Broadcasting – Second Generation Terrestrial) ციფრული მაუწყებლობის სტანდარტზე გადავლენ, თუმცა უცნობია რამდენი მულტიპლექს-ოპერატორი შეიქმნება, როგორ მოხდება მულტიპლექსის ოპერატორის შერჩევა, რა სტანდარტებს დაუწესებს აღნიშნული ოპერატორი მაუწყებლებს, ან რა პირობებით გაავრცელებს მათს სიგნალს.
აღნიშნულ და სხვა უამრავ საკითზე ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული 47 ადამიანისაგან დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დეკემბერში შეიქმნა, მსჯელობს, თუმცა დღემდე არ არის მომზადებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგია და გაურკვეველია უამრავი დეტალი, რომლებიც დაკავშირებულია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან. ამასთან, სპეციალისტები და კონსულტანტები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩართულები იყვნენ ევროპის ქვეყნების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, საქართველოს მთავრობასა და უშუალოდ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს მუდმივად მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე გადავიდეს განხილვიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, რადგან დრო რეალურად ძალიან ცოტაა, ხოლო მოსასწრები – ბევრი.