ნოვატორი პლასტიკურ ქირურგიაში

ნოვატორი პლასტიკურ ქირურგიაში

„ტოტალ შარმი“ საქართველოში 2005 წელს გაიხსნა და მას შემდეგ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის, ასევე დერმატოკოსმეტოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამაზე ის ინოვაციები და მრავალფეროვანი სერვისები მეტყველებს, რომლებიც კომპანიამ დაარსებიდან დღემდე დანერგა. 2017 წლიდან „ტოტალ შარმის“ ხელმძღვანელი და წამყვანი ექიმი კონსტანტინე სულამანიძეა, რომელიც კლინიკის წარსულსა და მომავალზე გვესაუბრა.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა პლასტიკურ ქირურგიაში?

პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით განათლება საზღვარგარეთ, არაერთ ქვეყანაში მივიღე. მაგალითად, რინოპლასტიკა – საფრანგეთში, ივ საბანთან ვისწავლე, მამოპლასტიკას კი გერმანიასა და რუმინეთში დავეუფლე. თუმცა ჩემი მთავარი მასწავლებელი მამაჩემია, პლასტიკური ქირურგი მარლენ სულამანიძე. გარდა ამისა, დედაჩემი დერმატოკოსმეტოლოგია. სწორედ მათგან მივიღე აღნიშნულ სფეროში ძირითადი ცოდნა.

მამაჩემს საოპერაციოში გვერდით ბავშვობიდანვე ვედექი. პირველად იქ 14 წლის ასაკში მოვხვდი. უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ კი, პირველივე კურსიდან, ხან სანიტარი, ხან ექთანი, ხანაც ასისტენტი ვიყავი.

რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, 2011 წელს, ჩემი პირველი ოპერაცია ჩავატარე. ეს იყო სახის გაახალგაზრდავების პროცედურა მინი-ლიფტინგის მეთოდით, აპტოს ძაფების გამოყენებით.

ამის შემდეგ 60-ზე მეტ ქვეყანას ვეწვიე, ძირითადად, კონფერენციებსა და კონგრესებზე დასასწრებად. გარდა ამისა, ამ ვიზიტების დროს ვასწავლიდი და დღემდე ვასწავლი უცხოელ ექიმებს და, რა თქმა უნდა, მათგანაც ვიღებ ცოდნას. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში ვართ.

როგორ განვითარდა კლინიკა ამ წლების განმავლობაში?

ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა სტაციონარი, ქირურგიული განყოფილება, ასევე განვითარდა დერმატოლოგიური მიმართულება. კლინიკას ბევრი ახალი სერვისი დაემატა, პარალელურად კი გაიზარდა ქირურგების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ქირურგები საზღვარგარეთიდანაც ჩამოგვყავს, ვატარებთ კონფერენციებსა და სასწავლო კურსებს. ამ გზით საქართველოში პლასტიკური ქირურგიის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ.

კლინიკის ზრდასთან ერთად, გაიზარდა პაციენტებისა და ოპერაციების რაოდენობა. მაგალითად, 2021-22 წლებში, ორი წლის განმავლობაში, 2200-ზე მეტი დიდი ოპერაცია ჩავატარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში, მინიმუმ, სამი- -ოთხი ოპერაცია კეთდება. მცირე პროცედურების გათვალისწინებით ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია.

საზღვარგარეთიდან თუ გყავთ პაციენტები და როგორია მათი წილი? ასევე, რომელი ქვეყნებიდან უფრო აქტიურობენ?

კლინიკის პაციენტების დაახლოებით 20% უცხოეთიდან ჩამოსულებზე მოდის. ოპერაციებისთვის ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან გვსტუმრობენ, უმეტესად – ქართველები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და საქართველოში ოპერაციის გასაკეთებლად, ამასთანავე, სამშობლოსა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოდიან. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მსგავსი პროცედურები საქართველოში ბევრად უფრო იაფია.

რაც შეეხება თავად უცხოელებს, ამ მხრივ, ომის დაწყებამდე ბევრი პაციენტი გვყავდა ისრაელიდან, ასევე არაბეთის ქვეყნებიდან. ავსტრალიიდან და ბრაზილიიდანაც კი გვყოლია პაციენტები. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა პლასტიკური ქირურგიის კუთხით.

რას მოიცავს „ტოტალ შარმის“ ძირითადი მომსახურებები და მიმართულებები?

მინდა დავიწყო იმით, რომ პაციენტებს მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. მაგალითად, უცხოეთიდან ჩამოსულთათვის გვაქვს აეროპორტში დახვედრისა და სასტუმროში განთავსების მომსახურება. გარდა ამისა, მათ განკარგულებაში მუდმივად არის ჩვენი ექთანი და ისინი უწყვეტი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებიან.

პაციენტების ესთეტიკასა და, ამის პარალელურად, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით რაც კი რამ სერვისი არსებობს მსოფლიოში, ჩვენთან ყველაფერია ხელმისაწვდომი. მათ შორისაა პლასტიკური ქირურგია – „ტოტალ შარმში“ ამ მიმართულების პრაქტიკულად ყველა ოპერაცია კეთდება, ასევე ესთეტიკური გინეკოლოგია – ამ შემთხვევაში მშობიარობის შემდგომ ქალის სხეულის როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციური აღდგენა ხდება. გარდა ამისა, გვაქვს ანგიოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულება, რომელსაც პაციენტები სხეულზე ვენებისა და კაპილარების გამოკვეთის დროს აკითხავენ. ჩვენს მიმართულებებს შორისაა ოტოლარინგოლოგია, რომელიც სუნთქვის პრობლემის მქონე პაციენტების დახმარებას ემსახურება. ამ დროს არა მხოლოდ სუნთქვის პრობლემის აღმოფხვრა, არამედ ვიზუალური მხარის გაუმჯობესებაც ხდება. და, რა თქმა უნდა, გვაქვს ესთეტიკური დერმატოკოსმეტოლოგიის მიმართულება, რაც ძირითადად ინიექციურ პროცედურებს მოიცავს, მათ შორის ფილერის, ტოქსინების, ბოტოქსინების. ყველა პროცედურისთვის ბაზარზე არსებულ უახლეს აპარატებს ვიყენებთ.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა თქვენს კლინიკაში?

პლასტიკურ ქირურგიაში, ჩვენს კლინიკაში, ყველაზე მოთხოვნადი სხეულზე ჩარევებია. ეს არის მამოპლასტიკა, ლიპოსაქცია, ლიპოსკულპტურა. ეს უკანასკნელი ფაქტობრივად ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში. ლიპოსკულპტურა არის პროცედურა, რომლის დროსაც სხეულის სრული კორექცია კეთდება – ხდება ზედმეტი ცხიმის მოშორება და მისი სხვა ადგილებში, მაგალითად მკერდში, სახეში განაწილება.

გარდა ამისა, საქართველოში ტრადიციულად პოპულარულია რინოპლასტიკა. რაც შეეხება დერმატოკოსმეტოლოგიას, აქ ყველაზე მოთხოვნადია გაახალგაზრდავების პროცედურები, მათ შორის ნაოჭების მოშორება და სახის გალამაზება მთლიანობაში.

რომელია ყველაზე რთული ოპერაცია, რომელსაც „ტოტალ შარმში“ ატარებთ?

ყველაზე რთული არის ხოლმე კომპლექსური ჩარევა. მაგალითად, როდესაც პაციენტს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ დაკარგული ფორმების აღდგენა სურს. მსგავს შემთხვევებში იწევა მკერდი, ჩნდება ზედმეტი ცხიმი, ზედმეტი კანი – სწორედ ამ დროს კეთდება კომპლექსური ოპერაცია.

კლინიკაში ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაცია ალბათ ეს არის.

დიახ, ყველაზე ძვირად ღირებული – კომპლექსური ოპერაციებია. ეს მოიცავს დიდ ხარჯს იმპლანტების სახით, რომლებსაც ძირითადად ევროპიდან ვიღებთ, რადგან საქართველოში არ იწარმოება. ეს არის ასევე ელასტიკური ბანდაჟები, პრეპარატები, ძვირად ღირებული აპარატი ლიპოსაქციისთვის, რომელიც სწრაფად და ხარისხიანად იღებს ცხიმს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდია დანახარჯი, ოპერაციის თვითღირებულებაც იმატებს და, შესაბამისად, მისი ფასიც იზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგად ქირურგიასთან შედარებით, პლასტიკური ქირურგია ყველგან ძვირია. ამის მიზეზი ის არის, რომ მთელ მსოფლიოში მისი სწავლა არის ძვირი. გარდა ამისა, კონფერენციებში მონაწილეობა, ზოგადი ქირურგიის მიმართულებასთან შედარებით სამ-ოთხჯერ უფრო ძვირია. ასეთივე განსხვავებაა ინსტრუმენტების ფასების შემთხვევაშიც.

თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პლასტიკური ქირურგიის ოპერაციები იაფია. მაგალითად, თურქეთთან შედარებით ჩვენთან ის ორჯერ ან სამჯერ უფრო დაბალი ღირებულებისაა, ხარისხი კი არანაკლებია. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა ოპერაცია ხელმისაწვდომი გავხადოთ.

მოგვიყევით ინოვაციების შესახებ, რომლებიც „ტოტალ შარმმა“ პლასტიკურ ქირურგიაში შემოიტანა.

„ტოტალ შარმმა“ პლასტიკურ ქირურგიაში შემოიტანა აპტოს ძაფები, რომლებიც სახის ქსოვილების ლიფტინგის, ანუ აქაჩვისთვის გამოიყენება. ეს მამაჩემის, მარლენ სულამანიძის გამოგონებაა. აპტოს ძაფები დაპატენტებულია და ექსპორტზე 100-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ეს მასალა საქართველოში, ჩვენ მიერ აშენებულ სრულად სტერილურ საწარმოში მზადდება.

აღსანიშნავია, რომ აპტოს ძაფები არის ერთადერთი ქართული პროდუქტი, რომელსაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს, FDA-ის სერტიფიკატი აქვს. ის ამერიკის ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია.

აპტოს ძაფები დაახლოებით 30-დან 50 წლამდე პაციენტებისთვის ქსოვილის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ მისი მეშვეობით რბილი ქსოვილები ყველანაირი ჭრილობის გარეშე იქაჩება. მანამდე ფეისლიფტინგი მხოლოდ ქირურგიული გზით იყო შესაძლებელი, რაც ჭრილობის გაკეთებას მოითხოვს. აღნიშნული მეთოდი ახლაც აქტიურად გამოიყენება, ვინაიდან ეს ქსოვილების აქაჩვის ყველაზე ძლიერი ვარიანტია, თუმცა ამის ალტერნატივა და ცოტა უფრო მარტივი გზა სწორედ აპტოს ძაფებია.

აპტოს ძაფების გამოყენების შემთხვევაში პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება და მის შემდეგ ნაკერების გაკეთება საჭირო არ არის. რეაბილიტაციაც უფრო სწრაფად, ერთ კვირაში ხდება და არა ერთ თვეში, როგორც ტრადიციული მეთოდის შემთხვევაშია. შედეგი, რა თქმა უნდა, სამუდამო არ არის – ძაფები იწოვება და პროცედურის ჩატარება დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ არის საჭირო.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც საქართველოში შემოვიტანე, არის შენარჩუნებადი რინოპლასტიკა. ეს მეთოდი საფრანგეთში, ექიმ ივ საბანთან შევისწავლე. ის რამდენჯერმე საქართველოშიც მყავდა მოწვეული და საკუთარი ცოდნა სხვა ექიმებსაც გაუზიარა.

ამასთანავე, „ტოტალ შარმმა“ შექმნა კადავერ-კლასი, ანატომიური კლასი, სადაც ექიმებისთვის სასწავლო კურსებს ვატარებთ. ამით მათ ვაძლევთ საშუალებას, უფრო მეტი პრაქტიკა მიიღონ როგორც ქირურგიის, ისე დერმატოკოსმეტოლოგიის მიმართულებით. ეს საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის ხელმისაწვდომი.

დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ.

მინდა, რომ შევიმუშაოთ სრული სერვისი ჭარბწონიანი პაციენტებისთვის. ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ოპერაციაა და ის სხეულის როგორც ესთეტიკურ, ასევე ფუნქციურ გაუმჯობესებას გულისხმობს. საქართველოში ის საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ, სამწუხაროდ, სადაც ამ ოპერაციას აკეთებენ, იქ მხოლოდ ბარიატრიული სერვისია ხელმისაწვდომი. თუმცა ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ფსიქოლოგი, დიეტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მასაჟისტი, პლასტიკური ქირურგი, დერმატოლოგი. მინდა, რომ ჩვენს კლინიკაში ამ მომსახურებების კომპლექსი შევქმნათ და პაციენტებს სრული სერვისი შევთავაზოთ.

გარდა ამისა, „ტოტალ შარმი“ საკუთარი პაციენტებისთვის სასტუმროს გახსნასაც გეგმავს. ამისთვის კლინიკასთან ახლოს პატარა შენობა შევიძინეთ, სადაც რემონტი უკვე მიმდინარეობს. სასტუმროს გახსნას დაახლოებით 2024 წლის ბოლოსთვის შევძლებთ.

აღსანიშნავია, რომ პაციენტებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩამოდიან, ხშირად კლინიკაში დარჩენა სჭირდებათ. ისინი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეს დაწესებულებაში ატარებენ, თუმცა ზოგს კლინიკის გარემოდან გასვლა სურს, პარალელურად კი უნდათ, რომ მუდმივი ყურადღების ქვეშ იყვნენ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა სასტუმრო, რომელსაც ექთნის სერვისი ექნება. საქართველოში მსგავსი მომსახურება ჯერჯერობით არ არსებობს. პაციენტს, რომელიც ჩვენს სასტუმროში გადავა, საჭიროებისამებრ ექთანი ან ექიმი პირდაპირ ნომერში მიაკითხავს და მის მდგომარეობას შეამოწმებს. ვფიქრობ, ასეთი სერვისი პაციენტების რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო შეამსუბუქებს.

S