ინდოეთის ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანია Reliance Industries-სა და Walt Disney-ს შორის, ინდური მედიაოპერაციების გაერთიანების მიზნით, არასავალდებულო ხასიათის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას Economic Times-ი ავრცელებს.
გაერთიანების შედეგად, Reliance-ი, აქციებისა და ნაღდი ფულის კომბინაციით, 51%-იანი წილის მფლობელი ხდება, ხოლო დარჩენილი 49% Disney-ის საკუთრებაში იქნება. შედეგად, კონტროლის მეტი წილი ინდოელი მილიარდერის მუკეშ ამბანის Reliance-ჯგუფის ხელშია. გარიგება სავარაუდოდ თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, Reliance-ს საბოლოო შეთანხმების მიღწევა იანვარშივე სურს.
Reuters-ის თანახმად, მედიაგაერთიანების შემდეგი ეტაპის განსახილველად კომპანიის წარმომადგენლები ლონდონში ერთმანეთს ორი კვირის წინ შეხვდნენ. გაერთიანების შედეგად ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი გასართობი იმპერია შეიქმნება, რომელიც ისეთ სატელევიზიო და სტრიმინგ-გიგანტებს გაუწევს გლობალურ ბაზარზე კონკურენციას, როგორიც Sony, Zee Entertainment-ი, Netflix-ი და Amazon Prime-ია.
Reliance-ი მისი მედიისა და გასართობი განყოფილების, Viacom18-ის მეშვეობით, რიგ სატელევიზიო არხებსა და JioCinema-ს სტრიმინგ-აპს მართავს. Economic Times-ის ცნობით, გარიგების ფარგლებში, საორგანიზაციო ერთეული, რომელიც აქციათა სვოპების საშუალებით Star India-ის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი, სწორედ Viacom18-ის კონტროლქვეშ შეიქმნება. მხარეები $1-$1.5 მილიარდის საინვესტიციო გეგმაზეც მუშაობენ.
საბჭოში სავარაუდოდ Reliance-ისა და Disney-ის მხრიდან თანაბარი – სულ მცირე ორი – წარმომადგენელი იქნება, დამატებით კი ორი დამოუკიდებელი დირექტორის დანიშვნაც განიხილება.