საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერის პოსტზე ელისაბეთ ბორნის შემცვლელად განათლების მოქმედი მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი დაასახელა. პრეზიდენტის არჩევანი, გავრცელებულ განცხადებაში, დაადასტურა ელისეს სასახლემაც, ხოლო ატალი ახლა უკვე თავის კაბინეტს აირჩევს.
ატალი საფრანგეთისთვის ყველაზე ახალგაზრდასთან ერთად, პირველი გეი პრემიერ-მინისტრიც იქნება, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ საუბრობს.
პირველად მაკრონის მთავრობაში ატალი 2017 წელს მოხვდა, როდესაც განათლების სამინისტროში დაბალი რანგის პოზიციაზე დაინიშნა. 2020-2022 წლებში მთავრობის პრესსპიკერის თანამდებობას იკავებდა, 2022 წლიდან უკვე ბიუჯეტის მინისტრის პოზიცია დაიკავა, ხოლო განათლების მინისტრად 2023 წლის ივლისში დაინიშნა.
საფრანგეთის პრემიერმა ელისაბეთ ბორნმა თანამდებობა გუშინ დატოვა. როგორც გადადგომის წერილში 62 წლის ბორნმა აღნიშნა, ის და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დღეს საფრანგეთში, ისე როგორც არასდროს, რეფორმების საჭიროება დგას.
Ipsos-ის მონაცემებით, საფრანგეთში ბორნის რეიტინგი თითქმის ყველა დროის მინიმუმამდე, 23%-მდეა დავარდნილი და მაკრონს ჩამორჩება, რომელიც 27%-ზეა. საპირისპიროდ, ბოლო ხუთ თვეში, 14%-ითაა გაზრდილი და 40%-ს აღწევს ატალის მოწონების რეიტინგი.
შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც ივლისშია დანიშნული, საფრანგეთს ახალი პრემიერი უხელმძღვანელებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთში, არჩევნების წინ მაკრონის პარტია მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას დაახლოებით 8-10 პროცენტით ჩამორჩება.