რამდენიმეთვიანი გაფრთხილების შემდეგ, კატალონიის მთავრობამ გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის შედეგად, ხვალიდან ბარსელონასა და მიმდებარე 201 მუნიციპალიტეტში, წყლის მოხმარებაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდება.
მაგალითისთვის, ბარსელონაში მანქანის გარეცხვა ან ბაღის მორწყვა შესაძლოა €50-ით დაჯარიმდეს, წყლის მოხმარებასთან დაკავშირებულ უფრო სერიოზულ დარღვევებზე კი ჯარიმის ოდენობა €3,000-მდეც კი გაიზარდოს.
ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა, გვალვის გაუარესების მიხედვით, სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ფაზაში ერთ სულზე წყლის დღიური მოხმარება 200 ლიტრამდე შეიზღუდება. მეორე ეტაპზე შეზღუდვა – 180 ლიტრამდე, მესამე ეტაპზე კი 160 ლიტრამდე შემცირდება. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ესპანელები დღეში საშუალოდ 133 ლიტრ წყალს მოიხმარენ.
ცნობისთვის, კატალონიის ხელისუფლებამ წინასწარი საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. მას შემდეგ, მაღალი ტემპერატურის გამო, წყლის ისედაც დაბალი დონე წყალსაცავებში კიდევ უფრო შემცირდა. საგანგებო მდგომარეობა ჩრდილოეთ კატალონიიდან საფრანგეთის საზღვრამდე არსებულ ტერიტორიაზე გავრცელდება.
კატალონიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ბარსელონაში და ჟირონას გარშემო სიტუაცია კრიტიკულია. წყლის რეზერვუარებში დონე 16%-ზე დაბალია. რეგიონში სიტუაცია თითქმის 40 თვის განმავლობაში ნალექის სიმცირემ გააუარესა.