უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომს ორი წლის განმავლობაში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. როგორც ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, დაღუპულ სამხედროთა რიცხვი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე პუტინის მთავრობის მიერ გაკეთებული შეფასებები.
„ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. არც 300 ათასი და არც 150 ათასი, როგორც პუტინი და მისი მატყუარა წრე ამტკიცებდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეული დანაკარგი ჩვენთვის უდიდესი მსხვერპლია“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ ფორუმზე -„უკრაინა. წელი 2024“.
როგორც ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი არ გეგმავს დაკარგული და დაშავებული სამხედროების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემების გამჟღავნებას. ამასთან ერთად, ომის დასრულებამდე არ იქნება გასაჯაროებული უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობა. დაღუპულ უკრაინელ სამხედროებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც პირველი შემთხვევაა ომის დაწყების შემდეგ, როდესაც კიევმა თავისი დანაკარგების მონაცემები დაადასტურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა 6 ათას პირს აჭარბებდა. თუმცა, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ანგარიშები ამ რიცხვს მნიშვნელოვნად ზრდის. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს 2023 წლის დეკემბრის ანგარიშით, უკრაინაში 315 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა – ომამდე არსებული რუსული ჯარის (დაახლოებით 360 ათასი ჯარისკაცი) 87%.
დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო გამოცემა „მედიაზონის“ ინფორმაციით კი, 2022-2023 წლებში, უკრაინაში მიმდინარე ომს 75 ათასამდე რუსი ემსხვერპლა. „მედიაზონისა“ და „მედუზას“ ერთობლივი გამოძიებით, მოსკოვი ომში ყოველდღიურად დაახლოებით 120 ჯარისკაცს კარგავს.