საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა უმნიშვნელოდ, 0.14%-ით, 72.08 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 50.68 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.47% შეადგინა.
სებ-ის ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1.95 მილიარდი ლარით, 10.08%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 10.33% შეადგინა. თუმცა 6.02%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 5.64%-ით), 1.88 მილიარდი ლარით შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი იანვრის ბოლოსთვის 50.22%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.78%-ით არის გაზრდილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.05%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.68% შეადგინა.