ბაიდენი: ისრაელი ცეცხლის შესაწყვეტად მზადაა - „ჰამასი“ აცხადებს, რომ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა

ბაიდენი: ისრაელი ცეცხლის შესაწყვეტად მზადაა - „ჰამასი“ აცხადებს, რომ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელი მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მომდევნო კვირას მოაწეროს. ისლამური წმინდა თვის, რამადანის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩარჩო-დოკუმენტი უკვე რამდენიმე კვირაა, მზადდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება „ჰამასი“ და აღნიშნავს, რომ შეთანხმება ჯერჯერობით არ მიღწეულა და ორგანიზაცია შეთავაზებას შეისწავლის.

„რამადანი ახლოვდება და ისრაელი თანახმაა, არ მიიტანოს იერიში „ჰამასის“ პოზიციებზე რამადანის თვის მიმდინარეობისას, ასევე (თანახმაა) მოგვცეს დრო მძევლების ღაზის სექტორიდან გამოსაყვანად, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. – ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მეუბნება, რომ [შეთანხმებასთან] ახლოს არიან. ისინი ახლოს არიან. ჯერ არ შეთანხმებულან. ვიმედოვნებ, შეთანხმება შემდეგი ორშაბათისთვის მიიღწევა“.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასსა“ და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სულ უფრო აქტიურად განიხილება. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებას ერთადერთხელ, რამდენიმე დღის განმავლობაში დათანხმდა. ამის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს შეთანხმების რამდენიმე ვერსია წარუდგინეს, თუმცა არც ერთი მათგანი წარმატებით არ დასრულებულა.

ამჯერად, „ჰამასმა“ ისრაელის მიერ წარმოდგენილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა განიხილოს, რომელიც გასულ კვირას პარიზში აშშ-ისა და მედიატორების, ეგვიპტისა და კატარის შუამდგომლობით შეიქმნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთავაზებული 40-დღიანი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება 400 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ 40 მძევლის გათავისუფლებას მოითხოვს. დათანხმდება თუ არა „ჰამასი“ აღნიშნულ შეთავაზებას, მომდევნო დღეების განმავლობაში გავიგებთ.

ცნობისთვის, ისლამური წმინდა თვე, რამადანი 10 მარტს დაიწყება და 8 აპრილს დასრულდება.