საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს. Transfermarkt-ზე მონაცემი დღეს, 18 ივლისს განახლდა.
ბოლო განახლების შემდეგ, გიორგი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა და ამ სტატუსს პორტუგალიელ დიოგუ კოშტასთან ინაწილებს, რომლის საბაზრო ღირებულებაც ასევე 45 მილიონ ევროს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში, „ვალენსიის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის პერიოდში, ქართველის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. შეგახსენებთ, ესპანურმა კლუბმა მამარდაშვილის იჯარის დასრულების შემდეგ „დინამო თბილისისგან“ ფეხბურთელის შესყიდვა გადაწყვიტა და მის სანაცვლოდ სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადა.
ქართველი მეკარის საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მის მიერ EURO 2024-ზე ნაჩვენებ შთამბეჭდავ შედეგებს უკავშირდება. მამარდაშვილმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება დააგროვა.