გუშინ, 26 ივლისს, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი ღონისძიებას 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. დღეს ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
თბილისის დროით 12:00 საათიდან შეჯიბრი დაიწყება ძიუდოს სახეობაში, სადაც გიორგი სარდალაშვილი ოლიმპიური მედლის მოპოვებას 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შეეცდება. მისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადაა. შეგახსენებთ, წელს გიორგი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
კიდევ ერთი ოლიმპიური მედლის შანსი საქართველოს ფარიკაობაში აქვს. სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრი 12:25 საათიდან დაიწყება და ტურნირზე თავის გამოჩენას სანდრო ბაზაძე შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ბაზაძე ფარიკაობის მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორე პოზიციას იკავებს, თუმცა მანამდე პირველ ადგილს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.
დღეს პარიზში საქართველოს წარმომადგენელი ოლიმპიურ რეკორდს დაამყარებს – ნინო სალუქვაძე გახდება პირველი ქალი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს. სალუქვაძე 10 მეტრი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 14:30 საათიდან დაიწყება.
ოლიმპიადაზე გიორგი სარდალაშვილთან ერთად დღეს კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის დებიუტი შედგება. მოცურავე ანა ნიჟარაძე 100 მეტრის დისტანციაზე ბატერფლაის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი 13:00 საათიდან დაიწყება.
ცნობისთვის, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს 28 წარმომადგენელი ჰყავს.