გერმანიაში, ქალაქ ბიტერფელდ-ვოლფენში AMG Lithium-მა ლითიუმის გადამმუშავებელი პირველი ქარხანა გახსნა. ობიექტი პირველია როგორც გერმანიაში, ასევე ევროპის რეგიონის მასშტაბით. ქარხნის მშენებლობა მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ინვესტიცია დაახლოებით 140 მილიონი ევროა.
გერმანულ ქარხანაში გადასამუშავებელი ლითიუმის უდიდესი ნაწილი ბრაზილიიდან იქნება იმპორტირებული. ობიექტის ძირითადი დანიშნულება ნედლეულის ბატარეასთან თავსებადი ლითიუმის ჰიდროქსიდად გარდაქმნაა. არსებული გეგმით, ქარხანა ყოველწლიურად 20,000 ტონა ლითიუმის ჰიდროქსიდს აწარმოებს, რაც საკმარისია ნახევარ მილიონამდე ერთეული ავტომობილის ენერგიით მოსამარაგებლად.
ელექტრომანქანების (EV) ბატარეების წარმოებაში ლითიუმი მთავარი კომპონენტია. მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებასთან ერთად, ლითიუმზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად იმატებს. ამჟამად, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების უდიდესი ნაწილი ლითიუმ-იონურ ბატარეებს იყენებს.
მოთხოვნის მატების საპასუხოდ, ევროკავშირმა 2020 წელს „კრიტიკული ნედლეულის სამოქმედო გეგმა“ შეიმუშავა. ინიციატივა გარე წყაროებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. სამომავლოდ, გერმანული ქარხნის ლითიუმით მომარაგება ევროპის მაღაროებიდან, მათ შორის პორტუგალიიდანაც იგეგმება.