რა ქონება დააგროვეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა პოსტის დატოვების შემდეგ?

რა ქონება დააგროვეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა პოსტის დატოვების შემდეგ?

ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების მიერ, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, გამომუშავებული ქონება შეაფასა. ცნობისთვის, გამოცემის სიაში არ ხვდებიან აშშ-ის აწ უკვე გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტები.

Forbes-ის სიის სათავეში აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. ტრამპი ასევე შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც პოსტის დატოვების შემდეგ მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. და თანაც ეს მხოლოდ ოთხ წელიწადში მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რესპუბლიკელების მთავარი წარმომადგენელი ნოემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ დონალდ ტრამპია, რომელსაც დემოკრატების მხრიდან კამალა ჰარისი დაუპირისპირდება.

დონალდ ტრამპი – ქონება: $3.8 მილიარდი

აშშ-ის ისტორიაში უმდიდრესმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პირველი ვადა მძიმე ფინანსური მდგომარეობით დაასრულა. ტრამპის იმპერია, კომერციული ქონებით დაწყებული, სასტუმროებით დასრულებული, პანდემიის გავლენის შედეგად დაზარალდა.

მიუხედავად ამისა, ტრამპი, რომელიც მანამდე გაკოტრებების სერიასა და იმპიჩმენტის ორ სასამართლო პროცესს გადაურჩა, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ კიდევ უფრო გამდიდრდა. ყოფილი პრეზიდენტის ქონება გასამმაგდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრამპის ქონების ზრდის უდიდესი ნაწილი მის სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე მოდის. კომპანიაში ტრამპის აქციების ღირებულება $1.7 მილიარდია, რაც მას Forbes 400-ში ადგილის დაბრუნებაში დაეხმარა.

ბარაკ ობამა – ქონება: $70+ მილიონი

ბარაკ ობამამ, ვაშინგტონში, სენატორისა და პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 12-წლიან პერიოდში, დაახლოებით $20 მილიონი გამოიმუშავა. 2012 წელს აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტის ქონება $6 მილიონს შეადგენდა. ეს თანხა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ობამამ თეთრი სახლი დატოვა.

ბარაკ და მიშელ ობამებმა, თავიანთ მემუარებზე უფლებები, 2017 წელს, $65 მილიონად Penguin Random House-ს გადასცეს. ერთი წლის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ Higher Ground Productions-ი დააარსეს და Netflix-თან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ობამების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საერთო ღირებულება $35.5 მილიონს შეადგენს.

ჯორჯ ბუში – ქონება: $40+ მილიონი

ჯორჯ ბუში პრეზიდენტად არჩევის დროს უკვე მილიონერის სტატუსს ფლობდა. მისი ფინანსური ანგარიშების თანახმად, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბუშის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა. მხოლოდ 2009 წელს ბუშმა $7 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის, $2 მილიონი – მემუარების გაყიდვებით. დღეის მდგომარეობით, ჯორჯ და ლორა ბუშები $4 მილიონად და $2.8 მილიონად შეფასებულ უძრავ ქონებას, ასევე $10 მილიონის ღირებულების საოჯახო რანჩოს ფლობენ.

ბილ კლინტონი – ქონება: $45+ მილიონი

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ თეთრი სახლი 2001 წელს დატოვეს, როგორც ჰილარი ამბობდა – „ვალებში“. თუმცა იმავე წელს წყვილმა ვაშინგტონში $2.9 მილიარდად სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც დღევანდელი მოცემულობით გასამმაგებულია. მათ საკუთრებაშია $2.2 მილიონად შეფასებული სახლი ნიუ-იორკში. 2016 წლისთვის, როდესაც ჰილარი პრეზიდენტობისთვის კენჭს იყრიდა, წყვილმა $240 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო მათი ქონების წმინდა ღირებულება $45 მილიონად იყო შეფასებული.

ჯიმი კარტერი – ქონება: არ არის შეფასებული

1981 წელს, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, კარტერმა და მისმა მეუღლემ ვალდებულებით დატვირთული ფერმა გაყიდეს, ხოლო 1994 წელს, ჯორჯიის შტატში გაყიდული უძრავი ქონებიდან $170,000 აშშ-ის მთავრობას საჩუქრად გადასცეს. მოკრძალებული ცხოვრების მიუხედავად, კარტერების ქონება თანამდებობის დატოვების შემდეგ ძირითადად გაყიდული წიგნებიდან მიღებული თანხის შედეგად გაიზარდა. მათ შორის, კარტერის წიგნი – Palestine: Peace Not Apartheid – 300,000-ზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა.