Apple-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Apple-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. სამშაბათის მდგომარეობით, Apple-ის აქციების ფასმა 2.7%-იანი ზრდის შემდეგ კომპანიის ისტორიაში ყველა დროის მაქსიმუმს, $237.49-ს მიაღწია.

Apple-ის აქციების ღირებულების ზრდა ამერიკული ფირმის მიერ ახალი პროდუქტების, მათ შორის iPhone 16-ისა და Apple Intelligence-ის გამოშვებას მოჰყვა. რეკორდული ნიშნულის დაფიქსირების შემდეგ, Apple-ის აქციების ღირებულებამ შედარებით იკლო და $235.33-მდე დავარდა. თუმცა ეს მაჩვენებელიც უფრო მაღალია, ვიდრე 16 ივლისს დაფიქსირებული მაქსიმუმი – $234.82.

ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, Apple-ი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება $3.55 ტრილიონს აღწევს, მას მოჰყვება ჩიპების მწარმოებელი Nvidia – $3.21-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. ცნობისთვის, ორშაბათს, Nvidia-ს აქციების ღირებულებამ 2%-იანი ზრდის შემდეგ ასევე რეკორდულ ნიშნულს, $138-ს მიაღწია.

ხელოვნური ინტელექტის გავლენით, ანალიტიკოსები მესამე კვარტალის შემოსავლების რეკორდულ, $94 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებენ. მათივე ვარაუდით, Apple-ის მოგება ამ პერიოდისთვის $24 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს. გარდა ამისა, სამშაბათს კომპანიამ ახალი iPad Mini-ის გამოშვებაც დააანონსა – პირველი პლანშეტის 2021 წლის შემდეგ. ახალ დივაისში კომპანია AI-აპლიკაციებს გამოიყენებს.