„ჰაიდელბერგცემენტი“, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია, ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას ამარაგებს, ახალ წელს ახალი იდენტობით ხვდება. მეწილეთა კონფიგურაცია შეიცვალა, კომპანიას კი ბაზარზე „ჰანიველ ცემენტის“ სახელით შეხვდებით. რებრენდინგსა და ცვლილებებს თან ახლავს ახალი მიზნებიც, რომელთა შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით ჯუღაშვილი გვიამბობს.
„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მფლობელთა რიგები გერმანულმა „ჰაიდელბერგ მატერიალსმა“ დატოვა, მისი წილი „ცემენტ ინვესტმა“ გამოისყიდა და კომპანია განვითარების ახალ ეტაპზეა. რა გავლენა აქვს მეწილეთა კონფიგურაციის ცვლილებას თქვენს ოპერაციებსა და სტრატეგიულ ხედვაზე?
ამ ცვლილების შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და საქმითაც გამოჩნდა, რომ ცვლილებები პოზიტიურია. მთავარი ისაა, რომ ახალი მფლობელები კომპანიის განვითარებასა და საკუთარ ინვესტიციებს გრძელვადიანად უყურებენ. შევინარჩუნეთ კომპანიის საძირკველი – გუნდის ძირითადი ღერძი, მენეჯმენტსა თუ საშუალო რგოლში კადრების აბსოლუტური უმრავლესობა.
2006-დან 2023 წლამდე „ჰაიდელბერ მატერიალსის“ მფლობელობაში ყოფნას, ცხადია, უკვალოდ არ ჩაუვლია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა თავისი კორპორაციული კულტურით, სტრუქტურით და ესეც მემკვიდრეობად გვერგო. ხელშეკრულების თანახმად, „ჰაიდელბერგ მატერიალსთან“ ურთიერთობა წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათთან კომერციულ პარტნიორობას მომავალშიც ვგეგმავთ, მაგრამ შეიძლება ამით არ შემოვიფარგლოთ და სხვა ჯგუფებთან თუ ინსტიტუტებთანაც ვითანამშრომლოთ.
ახლახან „ჰაიდელბერცემენტ ჯორჯიამ“ რებრენდინგის გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ბრენდი „ჰანიველ ცემენტი“ წარადგინა. რა განასხვავებს ბრენდს ბაზარზე და რა როლი ექნება მას თქვენს გრძელვადიან გეგმაში?
კომპანიის იურიდიული სახელი ამ წლის სექტემბერში შეიცვალა და გავხდით „ქართული ცემენტი“, პარალელურად, ახალი ბრენდი „ჰანიველ ცემენტიც“ წარვადგინეთ. ივნისიდან ბაზარზე ბრენდის დამკვიდრება აქტიურად დავიწყეთ და პრეზენტაცია ჩვენს ხარისხის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე შედგა. სამი თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი საკმაო წარმატებით მიმდინარეობს, რადგან ამ ყველაფერს წინ დიდი სამუშაო უძღოდა.
მთავარი, რაც ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს აინტერესებდათ, იყო ის, რომ იცვლებოდა თუ არა გუნდი, კომპანიასთან ურთიერთობა, ბიზნესის პირობები, ასევე ახალი პარტნიორებისა და მფლობელების გრძელვადიანი გეგმა. ჩვენ კი დავადასტურეთ, რომ ახალი მფლობელების გრძელვადიანი გეგმები სამშენებლო ბიზნესში დარჩენასა და განვითარებას მოიცავს, ხოლო თუ რაიმე იცვლება, მხოლოდ უკეთესობისკენ.
რა ცვლილებებს უნდა ელოდოს მომხმარებელი რებრენდინგის შედეგად? რა ახალ პროდუქტებს სთავაზობს „ჰანიველ ცემენტი“ მომხმარებელს?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება ხარისხი, მაგრამ ამიერიდან მეტი ორიენტაცია იქნება მომხმარებელზე. თუ რამე უხერხულობა ახლდა „ჰაიდელბერგცემენტის“ჯგუფში ყოფნას, იყო ის, რომ კომპანიის გლობალური ინტერესების გამო, ადგილობრივი მიზნები შეიძლება ხანდახან უგულებელყოფილიყო. მაგალითად, წლების წინ „ჰაიდელბერგ მატერიალსმა“ მეორე მსხვილი ჯგუფი იყიდა და სასესხო შეზღუდვების გამო, კონკრეტულ რეგიონებში, მათ შორის საქართველოში, ინვესტიციების შეჩერება მოუწია.
ახლა მეტად მოქნილები ვართ და გადავწყვიტეთ, ახალი პროექტებიც განგვეხორციელებინა. ერთი მათგანი არის მომხმარებელთა პორტალი – ციფრული პლატფორმა, რომელიც სატელეფონო ზარების, მეილების რაოდენობას ამცირებს, ხოლო დამკვეთსა და კომპანიას შორის ინფორმაციის მიმოცვლას აჩქარებს, იქნება ეს ფინანსური დავალიანება, გადასახდელი თანხა, ცემენტის ან ბეტონის რეალურ დროში ადგილმდებარეობა და ა.შ. ეს მათ ჩვენთან მუშაობას ბევრად გაუადვილებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ბეტონის შეკვეთის ვადის შემცირება. თბილისში, ბინათმშენებლობის პროექტების სწრაფად მომრავლების გამო, ბეტონის ინდუსტრია გაზრდილ მოთხოვნას ვერ დაეწია, რამაც ბეტონის შეკვეთის დროც ძალზე გაზარდა, ეს კი სამშენებლო ბიზნესის განვითარებას აფერხებდა. ბოლო წლებში განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები, დავამატეთ ბეტონის ქარხნები და ბეტონის შეკვეთის ვადა მინიმუმამდე დავიყვანეთ.
ამასთან, საქართველოში პირველად შემოვიტანეთ ე.წ. ბეტონის 3D-პრინტერი. მას კომერციულ პროექტად არ განვიხილავთ, მაგრამ ისეთი ინოვაციური პროდუქტია და იმდენ ახალ შესაძლებლობას იძლევა, რომ გვინდა, ოქტომბრიდან სტუდენტებსა თუ შემდგარ არქიტექტორებს მივცეთ საშუალება, პირველ ეტაპზე ის სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენონ და ექსპერიმენტები ჩაატარონ.
კომპანია კასპის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენებას იწყებს, რამაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება უნდა შეამციროს. კონკრეტულად, რა პოზიტიური შედეგი მოჰყვება ამ ცვლილებას?
ბუნებრივი აირის გარდა, მთავარი საწვავი ქვანახშირია. ნარჩენი საბურავების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც არა მარტო ემისიებს ამცირებს, არამედ აგვარებს ნარჩენი საბურავებით გარემოს დაბინძურების პრობლემასაც. საბურავებს ვიყენებთ კლინკერის ღუმელში, სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურაა. საბურავი თითქმის მთლიანად იწვის და ნაკლებ გავლენას ახდენს გარემოზე.
ჩვენი გათვლით, საუბარია CO2-ის წელიწადში 9,500 ტონით შემცირებაზე. მიზნად ვისახავთ, რომ ქვანახშირის მოხმარება კასპის ქარხანაში ხუთი პროცენტით ჩავანაცვლოთ. თუ პრაქტიკამ გაამართლა, ანალოგიური გეგმა გვაქვს რუსთავის ქარხანაშიც.
ალტერნატიული საწვავის გარდა, მუშაობს თუ არა კომპანია სხვა ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც გარემოზე ზიანის შემცირებას, ენერგოეფექტიანობისა და საწარმოო პროცესის ეფექტიანობის ზრდას ისახავს მიზნად?
საბურავების მოხმარება ცემენტის წარმოებაში შეზღუდულია, რადგან გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს იწვევს, მაგრამ არსებობს სხვა პროდუქტები, რომელთა გამოყენებაზეც ვფიქრობთ. ერთ-ერთი ასეთია მყარი ნარჩენები, ე.წ. RDF, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, ნაგავსაყრელზე ნარჩენების სეპარირება მოხდეს. საქართველოში რამდენიმე ნაგავსაყრელზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ამ კუთხით და მათთანაც ვთანამშრომლობთ.
საბურავების შემთხვევაში მიზანი ქვანახშირის ხუთი პროცენტით ჩანაცვლებაა, მაგრამ RDF-ის შემთხვევაში ტექნიკური შეზღუდვა არ გვაქვს. არსებობს კლინკერის ქარხნები, რომლებიც ასი პროცენტით ამ საწვავს იყენებს. მთავარია, ქვეყანაში ნარჩენების სეპარაცია მოხერხდეს.
როდესაც ენერგოეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცემენტში კლინკერის წილის შემცირებაცაა. ესაა ნედლეული, რომელიც ქვანახშირის გამოწვით მიიღება. არსებობს ინოვაციური ცემენტის ტიპები, რომლებშიც ამ მასალის წილი მაქსიმალურად შემცირებულია, ხარისხი კი არანაკლებია. ბევრი წელია, ამ მიმართულებით ჩვენც ვმუშაობთ და „ჰაიდელბერგცემენტის“ რუკაზე ერთ-ერთი ინოვაციური ქვეყანა ვიყავით ამ კუთხით. სპეციალური ცემენტების წარმოება სამომავლოდ ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.
რა ნაბიჯებს დგამს „ჰანიველ ცემენტი“ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის?
„ჰანიველ ცემენტში“ ეს უმთავრესი პრიორიტეტია. ნებისმიერი შეხვედრა თუ ბრიფინგი იწყება შრომის უსაფრთხოების საკითხების გავლით. ჩვენმა გუნდმა ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
კომპანიაში არის დამკვიდრებული შიდა სტანდარტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობას და ზოგიერთი მიმართულებით უფრო მკაცრიც არის. გვყავს სპეციალური გუნდი და შრომის უსაფრთხოების მენეჯერები ყველა ქარხანაში. შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა წარმოების ხელმძღვანელების ყოველდღიური საქმიანობის ნაწილიცაა.
„ჰანიველ ცემენტი“ ადგილობრივად ცემენტის დიდ ნაწილს აწარმოებს. რამდენად კონკურენტულია ქართული ნაწარმი გლობალურ ბაზარზე?
ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩვენს კომპანიაში ევროპული სტანდარტის ცემენტი იწარმოება, შესაბამისად, ის კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ბაზარზე, თუ სხვა კომერციული მდგენელები ამას ხელს შეუწყობს.
ისტორიულად, ექსპორტს დიდი რაოდენობით ვახორციელებდით აზერბაიჯანში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მათ სიმძლავრეები გაზარდეს და ახლა, პირიქით, აზერბაიჯანს შემოაქვს კლინკერი და ცემენტი საქართველოში. შეზღუდული ოდენობით გადის ცემენტი სომხეთში. ძირითადი ბაზარი საქართველოა და ვცდილობთ, ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი მოვიცვათ.
2018 წლამდე კომპანია ზარალზე მუშაობდა, ოთხ წელიწადში, 2022-ისთვის კი მოგება 130 მილიონ ლარამდე გაიზარდა. რამ განაპირობა ასეთი მკვეთრი შემოტრიალება?
ეს რამდენიმე ფაქტორის შედეგია. 2006 წელს კომპანიამ დაიწყო გადაიარაღება არსებული ქარხნების, რომლებიც საბჭოთა, ე.წ. სველი ტექნოლოგიის წარმოების ხაზს წარმოადგენდა და ვერანაირ ეკოლოგიურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. მსხვილი ინვესტირების პერიოდში, ცხადია, უკუგება რთული იყო.
2018 წლიდან ინვესტირების პირველი ეტაპი დასრულდა და კომპანიის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყო, ამუშავდა კასპის მშრალი ხაზი, რამაც ეკოლოგიური პარამეტრებიც გააუმჯობესა და ენერგომოხმარებაც შეამცირა. პარალელურად, განვითარდა ბეტონის ბიზნესი და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ ხელი შეუწყო მოგებაზე გასვლას. უმთავრესი წინაპირობა ისიც არის, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში მოთხოვნა იზრდება და ეს საშუალებას გვაძლევს, კარგი ფინანსური მაჩვენებლები გვქონდეს.
ცემენტის წარმოებისთვის საჭირო მინერალების მოპოვება გარემოსა და მოსახლეობაზე ზემოქმედების კუთხით გარკვეულ რისკს შეიცავს. გასულ წლებში, ადგილობრივები კახეთიდან, რუსთავიდან და კასპიდან ჩიოდნენ, რომ კარიერული სამუშაოები – მათ სახლებს, საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი მტვერი და ხმაური კი ჯანმრთელობას აზიანებს. რას პასუხობს „ჰანიველ ცემენტი“ ადგილობრივების ჩივილს და რა კეთდება გამოწვევებთან გასამკლავებლად?
კირქვის, ქვიშა-ხრეშისა და სხვა მინერალური ნედლეულის ყველა კარიერი კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობს. როგორც წესი, ისინი მოსახლეობისგან მოშორებით მდებარეობს და ვერ გავიხსენებ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც აფეთქების ან ექსკავაციის შედეგად, ადგილობრივებისთვის ზიანი მიგვეყენებინოს. მათთან მუდმივ კონტაქტში ვართ და ნებისმიერი ლიცენზია, რომელსაც ჩვენი კომპანია იღებს, ადგილობრივი თემის დასტურის შედეგად გაიცემა. ყოფილა შემთხვევები, რომ ლიცენზია ვერ აგვიღია და სხვა მიმართულებით დაგვიწყია მუშაობა.
ყოველწლიური კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას ხმარდება და მიმდინარეობს ჩვენი გამოფრქვევების მონიტორინგი რეალურ დროში. კასპში, რუსთავსა თუ სხვა ადგილებში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა პრობლემების გამოსასწორებლად. ამაზე ყოველწლიურად ვმუშაობთ – იცვლება ფილტრები, მონტაჟდება ხმის დამხშობი ბარიერები და სხვ.
წელს სრულად შევაჩერეთ კასპიდან რუსთავში კლინკერის რკინიგზით გადაზიდვა, რადგან ეს მტვრის დამატებითი წყარო იყო და მთლიანად გადავედით მანქანით ტრანსპორტირებაზე, რაც ხარჯიანია და შეიძლება, გარემოზე ზემოქმედებას დიდად არ ამცირებს, მაგრამ ლოკალური სტრესის მოხსნას უწყობს ხელს. ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის უგულებელყოფას ვერც ჩვენ და ვერც სხვა დიდი საწარმო ვერ მოახდენს.
შეაქვს თუ არა კომპანიას წვლილი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობაში? გაქვთ თუ არა პროგრამები და პროექტები, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობაზეა ფოკუსირებული?
ჩვენი კომპანია ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მინერალური რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს ვუხდით, რაც მათ ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, მერიებთან თანამშრომლობით, ვახორციელებთ სკვერების, გზების რეაბილიტაციას, სპორტული მოედნების მშენებლობას და ა.შ. ათ წელზე მეტია, კომპანია ატარებს „თბილისიმარათონს“ და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება.
წლებია, სამშენებლო მასალების სექტორი ჩვენგან მხარდაჭერასა და პატრონაჟს ელის, რადგან ბევრი სტანდარტი სწორედ ჩვენი დამკვიდრებულია. ამის კარგი მაგალითია ხარისხის კონფერენცია, რომელიც, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მეშვიდედ ჩავატარეთ და მრავალი მოწინავე დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანია, ექსპერტი, არქიტექტორი და ცნობილი საერთაშორისო სპიკერი გვყავდა მოწვეული.
რა მთავარი მიზანი აქვს „ჰანიველ ცემენტს“ მომავლისთვის? რა მიმართულებით აპირებს კომპანია გაფართოებას?
ამჟამად სრულად ფოკუსირებულნი ვართ საქართველოს მზარდ ბაზარზე. სწრაფად იზრდება სამშენებლო სექტორიც. ერთი მხრივ, გვინდა, დავრჩეთ ინდუსტრიის ლიდერად ხარისხის მიმართულებით, მაგრამ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ, წარმოების ზრდის ხარჯზე, მეტი პროექტისა და კერძო სექტორის მეტი ნაწილის მოცვა შევძლოთ, ამიტომ ვგეგმავთ ცემენტის წარმოების ზრდასაც. ჩვენი ახალი პროექტების შესახებ მალე გახდება ცნობილი.
ამავდროულად, გამომდინარე იქიდან, რომ ბეტონი ლოკალური პროდუქტია, თუ გინდა, რომ მეტი დაფარვა გქონდეს, მეტი საწარმოც უნდა ააშენო. შესაბამისად, რადგან მოთხოვნაც არსებობს, ბეტონის ქარხნების დამატების პროცესიც შეუქცევადია. ეს ადგილობრივ მწარმოებლებს ჯანსაღ კონკურენციულ გარემოში განვითარების შესაძლებლობასაც მისცემს.
ფოტო: რეზი ყენია
S