სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ბუნებრივი აირის კომპანია „გაზპრომმა“, ავსტრიის მთავარი პროვაიდერისთვის, OMF-ისთვის გაზის მიყიდვა შეაჩერა. რუსეთის ქმედება OMV-ის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში მოგებულ დავას მოჰყვა, რომელმაც ნავთობკომპანიას კომპენსაციის სახით, 230 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. დავის მოგების შემდეგ, ავსტრიულმა პროვაიდერმა „გაზპრომისთვის“ გადახდების შეჩერება დააანონსა.
OMV-ის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შაბათს, დილის 6 საათის შემდეგ შეაჩერა. ერთი დღით ადრე, პარასკევს, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანას, ამ ზამთრისთვის, ენერგიის ალტერნატიული წყაროს უზრუნველყოფა შეუძლია. „ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს. მათ შორის ვერც რუსეთის პრეზიდენტი. ჩვენ არც პუტინის მთავრობის და არც თავად პუტინის წინაშე არ დავიჩოქებთ. ზუსტად ამ მიზეზით, თავდასაცავად, შესაბამისი ზომები უკვე მივიღეთ“, – განაცხადა პრესკონფერენციისას ავსტრიის კანცლერმა.
იმავე დღეს განცხადება გააკეთა OMV-მაც. კომპანიის ინფორმაციით, ავსტრიაში რეზერვების 90%-ზე მეტი შევსებულია და მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას, „გაზპრომის“ მხრიდან მიწოდების შეფერხების შემთხვევაშიც, მოახერხებენ.
რუსეთმა, ევროპას ბუნებრივი აირის უმეტესი ნაწილის მიწოდება ჯერ კიდევ 2022 წელს შეუჩერა. მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა, საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა. ევროპულმა მხარემ რუსეთის ქმედება, უკრაინის მხარდაჭერის გამო, ენერგეტიკულ შანტაჟად შეაფასა.
ენერგეტიკის მინისტრის ლენორ გევესლერის თქმით, ავსტრია ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს რუსეთიდან იღებს. გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, წილი 98%-ს შეადგენდა. ბუნებრივი აირის ალტერნატიულ წყაროებად ავსტრიისთვის გერმანია, ნიდერლანდები და იტალია განიხილება.