მედიანური ხელფასი (ინგლისურად Median Wage) ხელფასების დონის ერთ-ერთი მაჩვენებელია. მედიანური ხელფასის დასათვლელად ინდივიდუალური ხელფასის მაჩვენებლები უნდა დალაგდეს ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით და ზუსტად შუაში არსებული რიცხვი იქნება მედიანური ხელფასი. მაგალითად, თუ არის 11 ადამიანი განსხვავებული ხელფასებით და მათ ხელფასებს დავალაგებთ ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით, შუაში არსებული, ანუ მე-6 ადამიანის ხელფასი იქნება მედიანური ხელფასი.
მედიანურ ხელფასს იყენებენ ქვეყანაში ან დიდ კომპანიაში ხელფასების დონის შესასწავლად. როდესაც ადამიანების ხელფასი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, საშუალო ხელფასზე ადეკვატურ სურათს მედიანური ხელფასი იძლევა. დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა უმეტესობას მედიანურ ხელფასთან ახლოს აქვთ შემოსავალი. მაგალითად, 2023 წელს საქართველოში ხელზე ასაღები მედიანური ხელფასი 950 ლარი იყო, რაც მიანიშნებს, რომ დასაქმებულთა უმეტესობას 950 ლართან ახლოს ხელფასი აქვს.