აშშ-ის ხაზინამ მსოფლიო ბანკის ფონდში უკრაინისთვის $20-მილიარდიანი სესხი გადარიცხა

აშშ-ის ხაზინამ მსოფლიო ბანკის ფონდში უკრაინისთვის $20-მილიარდიანი სესხი გადარიცხა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ფონდში G7-ის სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი სესხის ამერიკული წილი, $20 მილიარდი, გადარიცხა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ G7-ის ქვეყნები უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური დახმარების სახით, $50-მილიარდიანი საერთო სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის ფონდში ამერიკული წილის გადარიცხვასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებისადმი სიფრთხილის გამოვლინებაა. ტრამპის გაცხადებული პოზიციაა, რომ უკრაინას აშშ-ისგან ფინანსური და სამხედრო დახმარება შეუმცირდება, ომი კი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს.

G7-მა რუსეთისთვის გაყინული $300-მილიარდიანი აქტივებიდან უკრაინისათვის $50 მილიარდის მოცულობის 30-წლიანი სესხის გაცემის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის არჩევამდე, ოქტომბერში მიიღო.

ჯო ბაიდენის თავდაპირველ მიზანს ამერიკული $20-მილიარდიანი წილის ორად გაყოფა და $10 მილიარდის ფინანსური დახმარების სახით, $10 მილიარდის კი სამხედრო დახმარების სახით გამოყოფა წარმოადგენდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო დახმარების მიწოდებას რესპუბლიკელების უმრავლესობით დაკომპლექტებული კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდებოდა, გადაწყვეტილება შეიცვალა.

G7-ის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, $50-მილიარდიანი სესხი წევრ ქვეყნებზე შემდეგნაირად გაიყოფა: $20 მილიარდი – აშშ, $19.1 მილიარდი – ევროკავშირი, $3.52 მილიარდი – კანადა, $2.88 მილიარდი – დიდი ბრიტანეთი და $3.11 მილიარდი – იაპონია.