მოლდოვის პარლამენტმა, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა. მიზეზი რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის საშიშროებაა. განკარგულება ძალაში 16 დეკემბრიდან შევა და 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პარლამენტს პრემიერმა დორინ რეჩანმა უკრაინის განცხადების საპასუხოდ შესთავაზა. მოლდოვაში რუსული ბუნებრივი აირი უკრაინის გავლით შედის. 31 დეკემბრის შემდეგ, უკრაინა „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს. შედეგად, 2025 წლის პირველი იანვრიდან, კიევი ევროპაში, უკრაინის გავლით, რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანზიტსაც შეაჩერებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი 101 დეპუტატიდან 56-მა დაუჭირა. მოლდოვის მთავრობა ენერგიის პოტენციური დეფიციტის მოსაგვარებლად და კრიზისისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საგანგებო უფლებამოსილებების აუცილებლობას ხედავს.
„ვლადიმირ პუტინს სურს, დნესტრისპირეთის მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს და მძევლად აიყვანოს. მოსკოვი ამას მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის აკეთებს“, – განაცხადა რეჩანმა.
მოლდოვა რუსეთიდან წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს. 2022 წელს, დნესტრისპირეთი და ცენტრალური მთავრობა შეთანხმდნენ, რომ მოლდოვის მიერ მიღებული მთელი რუსული გაზი დნესტრისპირეთში გადაიგზავნება.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთსა და მოლდოვას შორის გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლოს გაიმართა. გამოცემის ცნობით, რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“, თურქეთის გავლით, დნესტრისპირეთისთვის გაზის მიწოდების გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს.