გუშინ საფონდო ბირჟებზე სავაჭრო დღის ბოლოს ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, ამერიკული Nvidia-ს აქციათა ღირებულება 17%-ით შემცირდა, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $600-მილიარდით გააუფასურა. აღნიშნული ვარდნა საფონდო ბირჟების ისტორიაში რეკორდულია.
Nvidia არ ყოფილა ერთადერთი კომპანია, რომლის ღირებულებაც გუშინ საფონდო ბირჟებზე გაუფასურდა. წითელი დიაგრამები ამერიკულ ბირჟებზე განთავსებული თითქმის ყველა ტექნოლოგიური, უფრო მეტად კი ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის გასწვრივ გამოჩნდა. აღნიშნულის მიზეზი ახალი AI-ასისტენტია, რომლის დომინაციაც დღითიდღე იზრდება.
ხელოვნური ინტელექტის ჩინური კომპანიის DeepSeek-ის პოპულარობის ზრდამ, ინვესტორებში ამერიკული ტექნოლოგიების მიმართ სკეპტიციზმი გააჩინა, რის გამოც საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი შემცირდა.
Nvidia-ს აქციათა ფასის 17%-ით შემცირების შემდეგ, კომპანიამ ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კორპორაციის სტატუსი დაკარგა. კომპანიის ღირებულება $3.5 ტრილიონიდან $2.9 ტრილიონამდე შემცირდა, რაც Apple-ისა და Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციაზე დაბალი მაჩვენებელია. Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.2 ტრილიონს, ხოლო Apple-ის – $3.4 ტრილიონს შეადგენს.
ინვესტორთა მოლოდინების გაუარესება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ DeepSeek-მა ChatGPT-ის მსგავსი, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით კი უკეთესი, შედეგის მიღება საკმაოდ ნაკლები დანახარჯით შეძლო. DeepSeek-ის ოფიციალური განცხადებით, კომპანიამ საკუთარი AI მოდელის ენის შექმნა Nvidia-ს $5.6 მილიონის ღირებულების ჩიპების დახმარებით მოახერხა.
აღნიშნული ინფორმაცია ჩიპების ექსპორტის კონტროლის რეგულაციების ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შეგახსენებთ, აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2021 წელს ნახევარგამტარების ჩინეთში ექსპორტის შემზღუდავი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრა. საინტერესოა, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს დონალდ ტრამპი ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში დომინაციის შესაფერხებლად.