24-25-26 იანვარს თბილისში მასშტაბური საერთაშორისო ჰაკათონი Global Game Jam-ი ჩატარდა. მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 300-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაგან, საბოლოოდ, 14 გუნდი ჩამოყალიბდა.
3-დღიანი ღონისძიების პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმო. დამსწრეები და მონაწილეები გაეცნენ ფორმატს, წესებსა და განრიგს.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა და გუნდებმა იმუშავეს გამოცდილ დეველოპერებთან, გრაფიკულ და ხმის დიზაინერებთან ერთად და მოუსმინეს შთამაგონებელ სპიკერებს, რომლებმაც მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
Global Game Jam-ზე, რომელიც 2025-ის იანვარში 102 ქვეყანაში ჩატარდა, მონაწილეები თამაშებს ერთი კონკრეტული თემის გარშემო ქმნიან. წლევანდელი ჰაკათონის თემა იყო BUBBLES.
გუნდებმა თამაშები 48-საათიან შუალედში შექმნეს და 26 იანვარს, დემო დღეზე, პროდუქტის საბოლოო პროტოტიპები, პრეზენტაციასთან ერთად, დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგინეს.
ჟიურის წევრებმა გამოარჩიეს ზურა ფსიამაშვილის, გიორგი ნაცვლიშვილის, საბა აღნიაშვილის, ეკა ბარკალაიასა და ალი ნურიევის გუნდი თამაშით Super Soaper.
თამაში Unity-ის გამოყენებით შეიქმნა და ხელმისაწვდომია Linux/Unix და MS Windows-ის პლატფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრების სია ასეთი იყო:
- შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი;
- გიორგი შელეგია – თამაშების დიზაინერი, თამაშ Riftveil-ის შემქმნელი;
- გიორგი ჩიტიძე – Revolt Entertainment-ის დამფუძნებელი;
- თორნიკე ანდრიაძე – ვიდეოთამაშების ინდუსტრიის კოორდინატორი ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე;
- ავთანდილ უგულავა – AnimationX-ის COO და თამაშების დიზაინერი;
- ლევან ბაშარული – Zambara Studio-ს დამფუძნებელი;
- ლუკა კვირიკაშვილი – Dasi Games-ის დამფუძნებელი;
სპიკერებს შორის კი იყვნენ:
- ანუკა სულამანიძე – SollersTech Games-ის თანადამფუძნებელი და პროდიუსერი;
- გიორგი შელეგია – თამაშების დიზაინერი, თამაშ Riftveil-ის შემქმნელი;
- ლუკა კვირიკაშვილი – Dasi Games-ის დამფუძნებელი და თამაშების დიზაინერი;
- ლუკა ლებანიძე – POSTRED-ის ვიდეოთამაშების დივიზიის ხელმძღვანელი;
- სანდრო ქურხული – POSTRED-ის ვიდეოთამაშების დეპარტამენტის ხმის ტექნიკური დიზაინერი.
რაც შეეხება მენტორებს, გუნდებს იდეების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდნენ:
- გიორგი ჭყრუნიშვილი – AnimatronX-ის დამფუძნებელი, 20-ზე მეტი თამაშის ავტორი;
- საბა დეკანოსიძე – თამაშების დიზაინერი, 3D-არტისტი;
- კონსტანტინე ჟორჟოლიანი – Senior Unreal Engine-ის ინჟინერი.
ცნობისთვის, Global Game Jam-ი პირველად კალიფორნიაში, 2009 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აერთიანებს კრეატიულ ადამიანებს.
Global Game Jam-ის მისიაა, მედიუმად თამაში გამოიყენოს და ასე წაახალისოს ადამიანებში შემეცნება და ექსპერიმენტულობა. მიმდინარე წლის იანვარში გლობალურად ჰაკათონში 35,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 796 ლოკაციაზე და 48 საათში 9,964 თამაში შეიქმნა.
საქართველოში ჰაკათონს მასპინძლობდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU).