დაფინანსების ახალ რაუნდში OpenAI ღირებულების გაორმაგებას გეგმავს

დაფინანსების ახალ რაუნდში OpenAI ღირებულების გაორმაგებას გეგმავს

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI დაფინანსების ახალ რაუნდს გამართავს, რომელშიც ამერიკული სტარტაპი ღირებულების გააორმაგებს გეგმავს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, OpenAI-ის ღირებულება $340 მილიარდს მიაღწევს.

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის მხრიდან ფულადი სახსრების მოზიდვა ბაზარზე ახალი ჩინური კონკურენტის, DeepSeek-ის გამოჩენას უკავშირდება. DeepSeek-მა 10 იანვრის საჯარო გაშვებიდან პოპულარობა მალევე მოიპოვა, App Store-ზე ყველაზე ხშირად გადმოწერილი უფასო აპლიკაციების სიაში OpenAI-ის გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

WSJ-ის ინფორმაციით, OpenAI-ის გუნდი ამჟამად $40-მილიარდიანი დაფინანსების მოზიდვის საწყის, მოლაპარაკებების ეტაპზეა. და, ჟურნალის წყაროთა ცნობით, გარიგების  ჩავარდნის საფრთხეც არსებობს. თუმცა წარმატების შემთხვევაში, OpenAI-ის ღირებულება, რომელიც ახლა $157 მილიარდად ფასდება, უნდა გაორმაგდეს.

WSJ-ისა და Reuters-ის ცნობით, OpenAI-ის დაფინანსების რაუნდს შესაძლოა იაპონურმა საინვესტიციო ფირმა SoftBank-მა უხელმძღვანელოს. გამოცემათა ინფორმაციითვე, დაფინანსების ახალ რაუნდში SoftBank-ის წილი $15 მილიარდიდან $25 მილიარდამდე იქნება. აქვე საინტერესოა, რომ SoftBank-ი და OpenAI მონაწილეობას დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებულ კომპანიაშიც იღებენ, რომლის მიზანიც ახალი მონაცემთა ცენტრების აშენება იქნება. პროექტში SoftBank-ს – ფინანსური პასუხისმგებლობა, OpenAI-ს კი საოპერაციო პასუხისმგებლობა დაეკისრება.

აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებს შორის OpenAI-ს ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს. 2023 წლიდან 2025 წლამდე, ფირმის ღირებულება თითქმის გაორმაგდა. $156-მილიარდიან ნიშნულს კი OpenAI-მ ოქტომბრის დაფინანსების რაუნდში მიაღწია, როდესაც $6.6 მილიარდის მოზიდვა შეძლო.