იანვარში ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში 6.1%-ით გაიზარდა

იანვარში ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში 6.1%-ით გაიზარდა

ISET Policy Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.02 ლარი შეადგინა. მაჩვენებელი თვიურ ჭრილში მცირედ, 0.2%-ით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი 6.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ინდექსის 6.1%-იან ზრდაზე გავლენა წლიურ ინფლაციას უკავშირდება. მათ შორის, ფასები გაიზარდა შემდეგი ინგრედიენტების შემთხვევაში:

  • კარაქი (+15.1%)
  • ყველი (+9.5%)
  • საფუარი (+4.5%)
  • რძე (+1.3%)

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგი ინგრედიენტების შემთხვევაში:

  • კვერცხი (-6.5%)
  • ფქვილი (-0.2%)

რაც შეეხება ხაჭაპურის ინდექსის თვიურ ჭრილში კლებას, ISET Policy Institute-ის განცხადებით, ამაზე ძირითადად გავლენა ფქვილის ფასების 3.9%-იანმა შემცირებამ მოახდინა. „აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი ოქტომბრიდან მცირდება, მსოფლიოში რეკორდული მოსავლის გამო. საერთაშორისო ფასების ცვლილებების ადგილობრივ ბაზრებზე ასახვისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, ფასის აღნიშნული ვარდნა მოსალოდნელი იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ISET Policy Institute-ის დაკვირვებით, საახალწლო სეზონის პიკის შემდეგ, ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობამ მცირედი დეფლაცია განიცადა, თუმცა გამონაკლისი იყო კარაქი (+3.1%) და კვერცხი (+4.3%).