"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო კორუფციის რეიტინგში 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

2 (59)

11 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო 53-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით დაბალი კორუფციის დონე 52 ქვეყანაშია.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით კორუფციის დონის რეიტინგს რამდენიმე ორგანიზაცია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია კორუფციის აღქმის ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. კორუფციად აღქმულია საჯარო ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის ბოროტად (არაკანონიერად) გამოყენება.

კორუფციის ინდექსი 16 კვლევის შედეგებს ემყარება, რომლებსაც 12 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს. აქედან, 13 კვლევა უშუალოდ ბიზნესსაქმიანობაში ჩართული ადამიანებისა და ექსპერტების გამოკითხვაა, თუ როგორ აფასებენ ისინი კორუფციის დონეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყენებს ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების გამოკითხვებს და კვლევებს, როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, ფრიდომ ჰაუსი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო სამართლის პროექტი, ჟურნალი „ეკონომისტი“ და სხვა.

კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ბოლო, 2024 წლის ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში

2025 წლის 11 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2024 წლის მდგომარეობას ასახავს, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 53 ქულა აქვს და 53-ე ადგილს იყოფს ბაჰრეინთან და პოლონეთთან ერთად. გასულ წელსაც საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში 53 ქულა ჰქონდა და 49-ე ადგილს იკავებდა. საქართველოს ქულა იგივე დარჩა, მაგრამ სხვა ქვეყნების ქულების ზრდის გამო, კორუფციის რეიტინგში 4 საფეხურით ჩამოქვეითდა.

2024 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: „ბერტელსმანის ფონდის“ ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.

ინდექსის მიხედვით, საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ ბოლო წლებში პროგრესი არ არის. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა 2018 წელს ჰქონდა (58 ქულა).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით: „ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა. ამასთან, საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტიანობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები კი სწორედ ესაა“.

საქართველოს პოზიცია და ქულა კორუფციის აღქმის რეიტინგში

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე დაბალია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია დანიაშია. დანიას 90 ქულა აქვს (მაქსიმალური 100 ქულიდან). ფინეთი და სინგაპური რეიტინგში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ 88 და 84 ქულით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე სომხეთია, რომელიც 63-ე ადგილზეა 47 ქულით. თურქეთი 107-ე ადგილზეა 34 ქულით. რუსეთი და აზერბაიჯანი 154-ე ადგილს ინაწილებენ 22 ქულით.

კორუფციის რეიტინგში ბოლო ადგილზე სამხრეთი სუდანია 8 ქულით, შემდეგ მოდის სომალი 9 ქულით და ვენესუელა 10 ქულით.

დაბალი კორუფციის მხრივ ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1დანია90
2ფინეთი88
3სინგაპური84
4ახალი ზელანდია83
5ლუქსემბურგი81
6ნორვეგია81
7შვეიცარია81
8შვედეთი80
9ნიდერლანდები78
10ავსტრალია77

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

 

გააზიარე