რა ვიცით X-ის (Twitter) გლობალური გათიშვის შესახებ?

რა ვიცით X-ის (Twitter) გლობალური გათიშვის შესახებ?

ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X (ყოფილი Twitter-ი) ორშაბათს რამდენჯერმე გაითიშა. DownDetector-ის მონაცემებით, ვებგვერდსა და აპლიკაციაზე წვდომის პრობლემა 41,000-მდე მომხმარებელს შეექმნა. შემთხვევის შესახებ  განცხადება მილიარდერმა მალევე გააკეთა და შეფერხების მიზეზად „მიზანმიმართული და მასობრივი კიბერშეტევა“ დაასახელა.

სოციალურ ქსელ X-ზე წვდომასთან დაკავშირებით, პირველი შეტყობინება DownDetector-ზე დილის 10:03 საათზე დაფიქსირდა. პიკის შემდგომ მიმართვიანობამ შედარებით იკლო, თუმცა 11:30-დან 13:00 საათამდე აპლიკაციასა და ვებგვერდზე შესვლას მომხმარებელთა ნაწილი კვლავ ვერ ახერხებდა. დაახლოებით 13:30 საათზემასკმა პლატფორმის საშუალებით პირველი განცხადებაც გამოაქვეყნა. მილიარდერის თქმით, X-ზე კიბერშეტევა სხვადასხვა წყაროდან განხორციელდა და თავდასხმაში „კოორდინირებული ჯგუფი ან/და ქვეყანა მონაწილეობდა“.

შესაძლო კიბერშეტევასთან დაკავშირებით მასკმა მოგვიანებით Fox Business Network-ზეც ისაუბრა. მასკის განცხადებით, მომხდარის მიზეზები ამ ეტაპზე კვლავ დაუდგენელია, თუმცა გამოძიების ფარგლებში, „უკრაინის რეგიონიდან წარმოშობილ IP-მისამართებს მიაკვლიეს“. დამატებითი კომენტარი მასკს კიბერშეტევასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. მან მხოლოდ X-ზე რამდენიმე მხარდამჭერ პოსტს უპასუხა. ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ თავდასხმის მიზანი მასკისა და პლატფორმის გაჩუმება იყო, რასაც მილიარდერი თავადაც დაეთანხმა.

DownDetector-ის მოხსენების თანახმად, X-ზე შეფერხებებთან დაკავშირებით შესული შეტყობინებების 58% აპლიკაციის, ხოლო 31% ვებგვერდის გათიშვაზე მიუთითებდა. მომხმარებელთა მხოლოდ11% წერდა სერვერთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ.

X-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ჯერ მხოლოდ მილიარდერი საუბრობს. ეროვნული კიბერუსაფრთხოების ალიანსის ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორის, კლიფ სტეინჰაუერის შეფასებით, ან ეტაპზე კიბერთავდასხმაზე საუბარი ნაადრევია. სტეინჰაუერის თქმით, მტკიცებულებების გარეშე ნაადრევია სპეკულაციებიც იმის შესახებ, რომ თავდასხმაში „დიდი, კოორდინირებული ჯგუფი და/ან ქვეყანა“ მონაწილეობდა.

მსგავსი განცხადება Associated Press-თან კიბეროპერაციების ექსპერტმა  ნიკოლას რიზმაც გააკეთა. რიზის თქმით, თავდასხმის  ხანმოკლეობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სახელმწიფო აქტორის მიერ მართული ყოფილიყო. თუმცა, მისივე შეფასებით, ეს თავდასხმა შესაძლოა უფრო მასშტაბური შეტევის გაფრთხილებაც ყოფილიყო.

X-ის მუშაობაში შეფერხებების დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Dark Storm Team-მა აიღო. Dark Storm Team-ი 2023 წელს დაფუძნებული ჯგუფია, რომლის სახელიც წარსულში მაღალი უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ მიმართულ კიბერდანაშაულებს უკავშირდებოდა.

Newsweek-ის მოხსენების თანახმად, Dark Storm Team-მა განცხადება Telegram-ზე გამოაქვეყნა: „ჩვენ Twitter-ი გავთიშეთ“. სოციალურ ქსელში მათ ფოტომასალაც გააზიარეს, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, X-თან დაკავშირების წარუმატებელი მცდელობები იყო აღბეჭდილი. საინტერესოა ისიც, რომ Dark Storm Team-ი პროპალესტინური დაჯგუფებაა, რომელიც კიბერშეტევებით ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ისრაელსა და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს ემუქრება.

ილონ მასკი, X-ის კიბერშეტევის გარდა, მის საკუთრებაში არსებულ სხვა კომპანიებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც მიუთითებს. მათ შორის იყო Tesla, რომელიც ვანდალური თავდასხმების სამიზნე გახდა. ბოლო კვირებში, ქვეყნის მასშტაბით, Tesla-ს ათეულობით სადილერო, დასამუხტი სადგური და ავტომობილი დააზიანეს.