აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეათანხმეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეათანხმეს

თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეათანხმეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა აზერბაიჯანის შეთავაზებას „ორი გადაუწყვეტელი მუხლის“ შესახებ დათანხმდა და სამშვიდობო შეთანხმება „ხელმოსაწერად მზადაა“.

მედიის წარმომადგენლებთან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, ორი მუხლიდან ერთ-ერთი საზღვრის გასწვრივ, მესამე ქვეყნებიდან ძალების არ განლაგების საკითხს შეეხება. მეორე საკითხი კი, მხარეების მიერ საერთაშორისო ინსტანციებიდან წარდგენილი საჩივრების გამოტანას და სამომავლოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომებისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.

სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა აზერბაიჯანულმა მხარემაც დაადასტურა. „ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შეთანხმების პროექტის ტექსტზე დასრულებულია“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა მხარეებს შორის შეუთანხმებელი საკითხებიც რჩება. მათ შორისაა აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაზე, რომელსაც ფაშინიანი არ თანხმდება. აზერბაიჯანი სომხეთისგან ითხოვს კონსტიტუციიდან ამოიღოს ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და განაცხადა, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუცია ბაქოს მოთხოვნით არ იქმნება, მას რეგიონული მნიშვნელობა აქვს და რეფერენდუმის გზით უნდა იყოს მიღებული.