როგორ შეიცვალა ევროპაში მინიმალური ხელფასი ბოლო ათწლეულში?

როგორ შეიცვალა ევროპაში მინიმალური ხელფასი ბოლო ათწლეულში?

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, ევროკავშირში თვიური მინიმალური ხელფასი ბულგარეთის 551 ევროდან – ლუქსემბურგის 2,638 ევრომდე მერყეობდა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიაში შეტანის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი მონაცემებით, მინიმალური თვიური ხელფასის ქვედა ზღვარი უკრაინის 182 ევრომდე ეცემა, მას მოსდევს მოლდოვა 285 ევროთი.

შედარებისთვის, 2015 წლის იანვარში ევროკავშირში თვიური მინიმალური ხელფასი ბულგარეთის 184 ევროდან – ლუქსემბურგის 1,923 ევრომდე მერყეობდა. კანდიდატ ქვეყნებს შორის კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მოლდოვაში იყო – 53 ევრო.

ნომინალურ ევროში (ადგილობრივი ვალუტის რყევების გამოკლებით) მინიმალური ხელფასის ყველაზე მაღალი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუმინეთში დაფიქსირდა. აღნიშნულ სახელმწიფოში მინიმალური თვიური ხელფასი 2015 წლის იანვარში 218 ევროდან – 2025 წლის იანვარში 814 ევრომდე გაიზარდა. შესაბამისად, ჯამურმა ზრდამ 273% შეადგინა. კანდიდატი ქვეყნების ჩათვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მოლდოვაში დაფიქსირდა – 438%.

ბულგარეთში, სადაც ხელფასები ისტორიულად ყველაზე დაბალი იყო ევროკავშირის მასშტაბით, საანგარიშო პერიოდში მინიმალური თვიური ანაზღაურება 184 ევროდან 551 ევრომდე გაიზარდა, რაც 199%-იან მატებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მცირე ზრდა საფრანგეთში დაფიქსირდა, 2015 წლის იანვრიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში მინიმალური ხელფასი მხოლოდ 24%-ით გაიზარდა, 1,458 ევროდან 1,802 ევრომდე.

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, მაგალითად გერმანიაში საანგარიშო პერიოდში მინიმალური თვიური ხელფასი 717 ევროთი გაიზარდა, რაც 50%-იან მატებას გულისხმობს. ნიდერლანდებში კი მინიმალური ანაზღაურება 1,502 ევროდან 2,193 ევრომდე გაიზარდა, რაც 46%-იან ზრდას ასახავს.

როგორ შეიცვალა მინიმალური თვიური ხელფასი ევროპაში 2015 წლის იანვრიდან 2025 წლის იანვრამდე (€)?

წყარო: ევროსტატი (სიაში შესულია EU-ს კანდიდატი ქვეყნებიც; ჩრდ. მაკედონიის მონაცემები 2021 წლის ივლისისაა და არა – 2025 წლის იანვრის)