Prada-მ Versace $1.4 მილიარდად შეიძინა

Prada-მ Versace $1.4 მილიარდად შეიძინა

იტალიურ მოდის სახლ Prada-სა და Capri Holdings-ს შორის შეთანხმება გაფორმდა. $1.375-მილიარდიანი გარიგების ფარგლებში, Prada ამერიკელი მფლობელისგან თავისივე კონკურენტ Versace-ს გამოისყიდის და იტალიური მოდის ორ უდიდეს ფირმას გააერთიანებს. შესყიდვის შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება Prada-მ გააკეთა.

მილანში დაფუძნებული კომპანია Prada SpA მილიარდერი ბიზნესმენის, მიუჩა პრადასა და მისი მეუღლის, პატრიციო ბერტელის მმართველობაშია. შესყიდვის გარიგების ღირებულება Prada-ს 112-წლიან ისტორიაში უმსხვილესია და მის კონკურენტ მოდის სახლს კვლავ იტალიურ მფლობელობაში აბრუნებს.

ცნობისთვის, Capri Holdings-მა (ყოფილი Michael Kors Holdings-ი) Versace 2018 წელს, ვერსაჩეს ოჯახიდან და Blackstone-დან $2 მილიარდად შეიძინა.

ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის ვარდნის მიუხედავად, Prada-ს სურს Versace-სთან ერთად მოდის ბაზარზე ძლიერი კონგლომერატი შექმნას და ფრანგულ LVMH-სა და Kering-ს კონკურენცია გაუწიოს. „Versace-ს ბრენდის შეძენა ჩვენი ჯგუფის ევოლუციურ მოგზაურობაში კიდევ ერთი ეტაპია, მატებს ახალ განზომილებას, განსხვავებულს და შემავსებელს“, – ნათქვამია Prada-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეა გუერას განცხადებაში.

Capri-ს ამბიცია, გაეორმაგებინა Versace-ს შემოსავალი, არ განხორციელებულა. Capri-ს სტილმა მომხმარებელში მოწონება არ პოვა, ფასების ზრდამ კი ხელმისაწვდომი პროდუქციის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. იტალიური მოდის სახლის გაყიდვის შემდეგ ამერიკული კომპანია მიღებული თანხის მის უმსხვილეს ბრენდ, Michael Kors-ში ინვესტირებას გეგმავს. რაც შეეხება Prada SpA-ს, მის საკუთრებაში Prada, Miu Miu, Marchesi, Luna Rossa და სხვა ბრენდები შედის.