ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს შემოსავლები და გაყიდვები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. კომპანიის 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, Tesla-ს მოგება 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, Tesla-ს შესამოვლებმა 2025 წლის პირველ კვარტალში $19.3 მილიარდი შეადგინა. FactSet-ის მონაცემებით, ფინანსური ანალიტიკოსები Tesla-სგან აღნიშნულ კვარტალში $21.3-მილიარდიანი შემოსავლის დაფიქსირებას ელოდნენ. ერთ აქციაზე მიღებულმა შემოსავალმა (EPS) ნაცვლად პროგნოზირებული $0.41-ისა, $0.27 შეადგინა.
გაყიდვების მხრივ, ამერიკულ ავტომწარმოებელს ასეთი დაბალმაჩვენებლიანი კვარტალი 2022 წლის Q2-ის შემდეგ არ ჰქონია. Tesla-მ პირველ კვარტალში 337,000 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა. მოგების მიხედვით კი 2025 წლის პირველი კვარტალი 2021 წლის Q1-ის შემდეგ ყველაზე დაბალმოგებიანი პერიოდია. წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 71%-ითაა შემცირებული კომპანიის წმინდა შემოსავალიც და მან $409 მილიონი შეადგინა. 2024 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი $1.39 მილიარდი იყო.
ფინანსური ანალიტიკოსების განმარტებით, კომპანიის ფინანსურ შედეგებზე დიდ გავლენას ახდენს თავად ილონ მასკის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში პოზიციონირება. შესაბამისად, გაყიდვების და ზოგადად ბრენდის პოპულარობის კლებას აღნიშნულ ფაქტორსაც უკავშირებენ. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ Tesla-ს გაყიდვების კლების მიზეზი სხვადასხვა ბაზარზე, განსაკუთრებით კი ჩინეთში, ადგილობრივი ბრენდების პოპულარობის ზრდაა.