დონალდ ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი 100 დღე შეაჯამა. ინტერვიუ რიგ მომენტებში დაძაბულად წარიმართა – ტრამპმა მედია გააკრიტიკა, ჩინეთის მიმართ დაწესებული მაღალი ტარიფების გადაწყვეტილება და იმიგრაციის პოლიტიკა დაიცვა, ასევე ვლადიმირ პუტინის შესახებ ისაუბრა.
ინტერვიუს მიმდინარეობისას დონალდ ტრამპს რამდენჯერმე მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება გადაცემის წამყვან ტერი მორანთან. კამათის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ABC News-ი „ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მედიასაშუალებადაც“ მოიხსენია.
ABC News-თან საუბრისას ტრამპმა ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება გაამართლა და განაცხადა, რომ ამის უარყოფით გავლენას ამერიკელი მომხმარებლები არ იგრძნობენ. მისი თქმით, ეს ტარიფი ჩინეთს დააზარალებს. „[ჩინეთი] გვატყუებდა ისე, როგორც არავის არასდროს მოუტყუებია“, – განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა აღიარა, რომ 145%-იანი ტარიფი სავაჭრო ემბარგოს უდრის, მაგრამ, მისივე თქმით, ჩინეთმა ეს დაიმსახურა.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასულ კვირას დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ პეკინთან სავაჭრო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყო და 145%-იანი სატარიფო განაკვეთი მალე „მნიშვნელოვნად შემცირდებოდა“.
ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას ტრამპმა უარყო მოსაზრება, თითქოს ამერიკელებს ინფლაცია აწუხებთ. „მას შემდეგ, რაც მე მოვედი, ბენზინის, საკვების, კვერცხის ფასები შემცირდა – თითქმის ყველაფრის ფასმა დაიკლო“, – უთხრა მან მორანს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები სხვა სურათს აჩვენებს.
რაც შეეხება იმიგრაციას, მორანმა პრეზიდენტს ჰკითხა, დაცული იყო თუ არა სამართლებრივი პროცედურები არალეგალი მიგრანტების დეპორტაციამდე. „თუ ადამიანი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა, სხვა სტანდარტი მოქმედებს. ისინი არალეგალები არიან“, – იყო ტრამპის პასუხი და როცა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ ჰკითხა პროცესზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არალეგალი მიგრანტები გადიოდნენ პროცედურებს, რომლის ფარგლებშიც მათი ქვეყნიდან გაძევება ხდებოდა. ტრამპმა თქვა, რომ ამერიკაში 21 მილიონი არალეგალი მიგრანტი იმყოფება და მისი ადმინისტრაცია „სწრაფად უნდა მოქმედებდეს“, თუმცა ეს რიცხვი, ოფიციალურ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. „ფიქრობთ, შეგვიძლია 21 მილიონი სასამართლო პროცესის ჩატარება?“ – დასვა საპასუხო კითხვა პრეზიდენტმა.
ინტერვიუში საუბარი შეეხო მერილენდში მცხოვრებ კილმარ აბრეგო გარსიას, რომელიც შეცდომით დეპორტირდა ელ სალვადორში, სადაც ციხეში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ მისი დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მიიღო, ტრამპმა აღიარა, რომ არ აპირებს ამის მიხედვით მოქმედებას. „თუ ის მართლაც ისეთი კაცია, როგორც ამბობთ, მე ამას გავაკეთებდი… მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის,“ — განაცხადა მან. როდესაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ის პრეზიდენტია, ტრამპმა უპასუხა: „მე ვემორჩილები კანონს. თქვენ გინდათ, რომ კანონი დავიცვა.“
დეპორტაციის საკითხზე საუბრის შემდეგ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომზეც გააკეთა კომენტარი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პუტინს მთელი უკრაინის ანექსია სურდა. „მე რომ არ მომეგო არჩევნები, ის მთელ უკრაინას მიიღებდა“, – დასძინა მან. როცა ჟურნალისტმა იკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ პუტინი უბრალოდ დროს წელავდეს და არ სურდეს ომის შეწყვეტა, ტრამპმა უპასუხა, რომ არ არის გამორიცხული ის დროს წელავდეს, თუმცა მაინც დასძინა, რომ სჯერა — პუტინს ომის დასრულება უნდა. კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, ტრამპმა უპასუხა: „მე არ გენდობით თქვენ, ბევრ ადამიანს არ ვენდობი“ და დაამატა: „ვფიქრობ, რომ ის პატივს მცემს.“