აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მინერალების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, ომში მყოფი ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, ხოლო შეერთებული შტატები უკრაინის მინერალებზე გარკვეულ წვდომას მიიღებს.

მინერალების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ ვაშინგტონში მოაწერა. „შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ვქმნით ფონდს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს“, – ვკითხულობთ სვირიდენკოს მიერ შეთანხმების გაფორმების შემდგომ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციითვე, რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი 50/50 პრინციპზე იქნება დაფუძნებული და ორივე ქვეყნის მიერ ერთობლივად იმართება. ამასთან ერთად, სვირიდენკოს თქმით, „უკრაინაში კრიტიკული მინერალების, ნავთობისა და გაზის პროექტების ახალი ლიცენზიებიდან მიღებული სახსრების 50%“ ფონდში გადაირიცხება. თუმცა, ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, რა სახის მინერალების მოპოვება მოხდება შეთანხმების ფარგლებში და სად.

რაც შეეხება აშშ-ის მხარეს, სვირიდენკოს განცხადებით, შტატები პირდაპირი დაფინანსების გარდა, ფონდში წვლილს სამხედრო დახმარების სახითაც შეიტანს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა, რომელშიც ფონდი შეფასებულია, როგორც ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარების კიდევ ერთი გამოვლინება და ნათქვამია, რომ ის ხელს შეუწყობს „უკრაინის ეკონომიკური აღდგენის დაჩქარებას“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, იშვიათ მინერალებზე წვდომა მოსთხოვა. ხელშეკრულების გასაფორმებლად ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლშიც შეხვდნენ, თუმცა მაშინ განხილვა ჩაიშალა – პრეზიდენტებს შორის დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკიმ ვაშინგტონი ნაადრევად დატოვა.