პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ინდოეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები გუშინ განახორციელა — ორი კვირის შემდეგ, რაც ნიუ-დელიმ ისლამაბადი ტურისტულ ქალაქ პაჰალგამში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში დაადანაშაულა. აღნიშნულ თავდასხმას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმები მიზნად ისახავდა „ტერორისტული ინფრასტრუქტურის ცხრა ობიექტს პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში“. სამინისტროს ცნობით, ოპერაცია „ფოკუსირებული, ზომიერი და არაესკალაციური“ იყო.
პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები დააანონსა. მისივე ინფორმაციით, ინდოეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 57-ს მიაღწია.
ინდოეთი ამტკიცებს, რომ დარტყმები არ შეხებია პაკისტანის სამხედრო ობიექტებს და „სინდურის ოპერაცია“ მიზნად ისახავდა „დამნაშავეების პასუხისგების უზრუნველყოფას ზედმეტი პროვოკაციის გარეშე“.
თავის მხრივ, პაკისტანმა ინდოეთის ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და მას „პროვოკაციული და ომის აშკარა აქტი“ უწოდა, რომელიც „პაკისტანის სუვერენიტეტს არღვევს“.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ვიკრამ მისრიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობის დაზვერვის მონაცემებით, პაკისტანში ინდოეთზე ახალი თავდასხმების განსახორციელებლად მზადება მიმდინარეობდა, რის გამოც ქვეყანამ „თავის დაცვისა და შემდგომი თავდასხმების პრევენციის უფლება გამოიყენა“.
პაკისტანის განაცხადა, რომ ხუთი ინდური გამანადგურებელი ჩამოაგდო, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ინდოეთის ხელისუფლებას აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. Associated Press-ი იუწყება, რომ ორი თვითმფრინავი ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში მდებარე სოფლებში ჩამოვარდა.