Nissan-ი კიდევ 10,000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს

Nissan-ი კიდევ 10,000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor-ი მსოფლიო მასშტაბით კიდევ 10,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეამცირებს. წარსულში უკვე დაანონსებული შემცირებების გათვალისწინებით, კომპანიის სამუშაო ძალა ჯამში 20,000-მდე კადრით, დაახლოებით 15%-ით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელ NHK-ზე დაყრდნობით გავრცელდა.

იაპონიის სიდიდით მესამე ავტომწარმოებელი ცდილობს, ოპერაციები უფრო მოქნილი და მდგრადი გახადოს მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და მის უმსხვილეს ბაზარზე — აშშ-ში — გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ Nissan-ი მარტში დასრულებული ფისკალური წლის ფინანსურ შედეგებს სამშაბათს გამოაქვეყნებს. მან ჯერ კიდევ აპრილში გაავრცელა გაფრთხილება, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანია სავარაუდოდ რეკორდულ — 700 მილიარდიდან 750 მილიარდ იენამდე (დაახლოებით $4.74-დან $5.08 მილიარდამდე) — წმინდა ზარალს დააფიქსირებდა.

Nissan-მა აშშ-ის ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების მზარდი პოპულარობა ვერ გამოიყენა და, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ერთ-ერთი პირველი იყო, პოზიციები ვერ შეინარჩუნა. ამავდროულად, კომპანია დაზარალდა ჩინეთშიც — მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე, ამიტომ Nissan-ი უახლოეს წლებში დაახლოებით 10 ახალ მოდელს გამოუშვებს, რათა გაყიდვების ვარდნა შეაჩეროს.

კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ივან ესპინოსა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ თვეში მაკოტო უჩიდა შეცვალა, კომპანიის სტრუქტურულ რეფორმებზე მუშაობს. მან უკვე გააკეთა მინიშნება, რომ კრიზისის დასაძლევად დამატებითი ზომებიც განიხილება.

2024 წლის მარტის მონაცემებით, Nissan-ს გლობალურად დაახლოებით 133,000 თანამშრომელი ჰყავდა. მან გასული წლის ნოემბერში უკვე დააანონსა 9,000 სამუშაო ადგილის შემცირება და გლობალური საწარმოო სიმძლავრის 20%-ით კლების გეგმაც წარმოადგინა. კომპანიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ივნისამდე ტაილანდში საწარმოს დახურავს. Nissan-მა კიდევ ორი ქარხნის დახურვა დააანონსა, თუმცა მათი ადგილმდებარეობა ჯერ არ გაუმჟღავნებია.

ამასთან, Nissan-მა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში $1.1-მილიარდიანი ქარხნის მშენებლობის გეგმას გააუქმებს. ქარხანაში ელექტრომობილების ბატარეები უნდა ეწარმოებინათ.