ამერიკელ CEO-ებზე დაფიქრებისას ალბათ დიდ ნაწილს ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები – მაგალითად, ტიმ კუკი (Apple) ან მარკ ცუკერბერგი (Meta) ახსენდება – თუმცა ნაკლებს თუ სმენია აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორზე. 2024 წელს ეს სტატუსი პენსილვანიაში დაფუძნებული კომპანიის, Coherent-ის CEO-ს, ჯეიმს (ჯიმ) ანდერსონს ერგო.
Coherent-ი ქსელური და ლაზერული სისტემებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს აწარმოებს. Equilar-ის კვლევის მიხედვით კი, მისმა ხელმძღვანელმა ანდერსონმა გასულ წელს ჯამში 101,497,009 აშშ დოლარი გამოიმუშავა – ის არის ერთადერთი 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორს შორის, რომლის ჰონორარიც ცხრანიშნა ნიშნულს გადასცდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯიმ ანდერსონს 1.06 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბაზისო ხელფასი აქვს, მან კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მუშაობა 2024 წლის ივნისში დაიწყო, ამიტომ ნაღდი ფულის სახით მხოლოდ 81,538 აშშ დოლარი მიიღო. თუმცა საბაზისო ხელფასს კონტრაქტზე ხელმოწერისთვის 500,000 დოლარის ოდენობის ბონუსი დაემატა. ეს ანდერსონის საერთო ანაზღაურების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, რადგან Coherent-ის 2024 წლის დოკუმენტების თანახმად, მას აქციების სახით 100,000,000 დოლარზე მეტი გადაეცა.
52 წლის ანდერსონმა ბევრ ცნობილ სახელს გაუსწრო, მათ შორის Starbucks-ის CEO ბრაიან ნიკოლს, რომლის 95.8 მილიონი დოლარის ანაზღაურება ანდერსონის ანაზღაურებას 5 მილიონი დოლარით ჩამორჩება. სხვა ცნობილი აღმასრულებელი დირექტორები, რომელთა ანაზღაურება ანდერსონის მიერ გამომუშავებულზე დაბალი იყო, არიან: Microsoft-ის CEO სატია ნადელა (79.1 მილიონი დოლარი), Apple-ის CEO ტიმ კუკი (74.6 მილიონი დოლარი) და Disney-ის CEO ბობ აიგერი (40.6 მილიონი დოლარი).
ჯიმ ანდერსონმა, რომელიც მანამდე Lattice Semiconductor-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, გასულ წელს Coherent-ის პენსიაზე გასული CEO ჩაკ მატერა შეცვალა. Coherent-ის ვებსაიტის ცნობით, Lattice-მდე ანდერსონი AMD-ის გამოთვლითი და გრაფიკული ბიზნესჯგუფის უფროსი ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. ანდერსონს MIT-ში ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული, პერდიუს უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის მაგისტრის ხარისხს და მინესოტას უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს დაეუფლა.
Equilar-ის კვლევის თანახმად, 2024 წელს ამერიკაში აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ანაზღაურება 25.6 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია. ამის მიზეზად ის ბოლო წლებში CEO-ებისთვის აქციების გადაცემის მატების შემთხვევებს ასახელებს. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ აღმასრულებელი დირექტორების მიერ აქციების სახით მიღებული ჯილდო წლიურად საშუალო 40.5%-ით გაიზარდა.