სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზით 3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს. ეს წლიურ ჭრილში 6.8 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.
აქედან 8.4 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58 პროცენტი – ტრანზიტზე.
აღსანიშნავია, რომ I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 25.9 პროცენტი მოდის ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე, 74.1 პროცენტი კი – ქვეყანაში შემოტანილზე.
ამავე პერიოდში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნის წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 25.8 პროცენტი).
ამასთანავე, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნის წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო.
2025 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.2 პროცენტი — თურქეთი, 9.7 პროცენტი — ნიდერლანდები, 5.3 პროცენტი — უკრაინა, 3.8 პროცენტი — ჩინეთი, 3.3 პროცენტი — რუმინეთი, 2.5 პროცენტი — იტალია, 0.8 პროცენტი — აშშ, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 3.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.3 პროცენტისას — თურქეთი, 2.2 პროცენტისას — საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
აქვე გეტყვით, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 348.8 ათასი მგზავრი, რაც 25.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 79.3მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.