ფოტოგრაფი: მარტინ შოლერი
ფოტოილუსტრაცია: ჯამელ ტოპინი Forbes-ისთვის
$418 მილიარდის ქონებით, ილონ მასკი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ქვემოთ წარმოდგენილია თანამშრომლები, ინვესტორები და მიმდევრები (მაგრამ არა ყოფილი ცოლები), რომლებიც მასთან ერთად გამდიდრდნენ.
თავის განსაცვიფრებელ ქონებას ილონ მასკი ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და კორპორაციულ მაქინაციებს უმადლის, თუმცა ამ ყველაფერს ის მარტო ვერ შეძლებდა: მას ძმა მუდამ მხარში ედგა, მისი პირველი თანამშრომლები დღე-ღამეს ასწორებდნენ და ინვესტორებიც ხშირად უმაგრებდნენ ზურგს. ბევრ მათგანს მან ასობით მილიონი ან თუნდაც მილიარდი დოლარის ქონებით გადაუხადა.
ზოგიერთი ადამიანი, როგორიცაა SpaceX-ის პრეზიდენტი, გვინ შოტველი და მასკის უმცროსი ძმა, კიმბალი, მთელ თავის ქონებას ილონს უმადლის. „ყოველდღე მადლობელი ვარ ჩემი ძმის“, – დაწერა კიმბალმა X-ზე იანვარში. სხვები უკვე მდიდრები იყვნენ, შემდეგ კი ილონმა ისინი ბევრად უფრო გაამდიდრა. „ის ყველაზე ბრწყინვალე კაცია, პლანეტის ყველაზე ბრწყინვალე ინჟინერი“, – აღფრთოვანებით აღნიშნავს რონ ბარონი, 81 წლის საინვესტიციო ფონდის მილიარდერი, რომელიც მასკის ბიზნესს 2014 წელს ეზიარა. თავისი საინვესტიციო ფირმისა და პირადი ფსონების წყალობით, ბარონმა Tesla-ს 4.5 მილიონი აქცია ხელში მოიგდო საშუალოდ $12-ად – მშვენიერი, 22-ჯერადი ამონაგებით. ის შემართებას ინარჩუნებს და პირობას დებს, რომ პირად აქციებს ჯერჯერობით არ გაყიდის (Tesla-ს აქციები პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 38%-ით დაეცა). „ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ჩემს აზრს და ამბობს, რომ მასკის რეპუტაცია გამოუსწორებლად დაზიანდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდება, – ამბობს ბარონი. – როდესაც ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, მის პროდუქტს ხალხი მაინც უფრო მეტად იყიდის, ვიდრე სხვისას“.
ორი ადამიანი, რომლებიც ილონმა არ გაამდიდრა, მისი ყოფილი ცოლებია. მისმა პირველმა მეუღლემ, კანადელმა რომანისტმა ჯასტინ მასკმა, რომელსაც ის 2010 წელს დაშორდა და რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავს, მოითხოვა მისი Tesla-ს აქციების 10%, SpaceX-ის აქციების 5%, $6 მილიონი და მყინვარისფერი ლურჯი Tesla Roadster-ი. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი ქონება დღეს $18 მილიარდი იქნებოდა, რაც საკმარისია პლანეტის 113-ე უმდიდრესი ადამიანის ტიტულისთვის. ამის ნაცვლად, თავად ილონის სიტყვებით, ჯასტინმა $20 მილიონი მიიღო, რომლის ნახევარსაც მათი ლოს-ანჯელესის სახლის ღირებულება შეადგენდა. Roadster-ის შესახებ არაფერია ნათქვამი. ჩვენი ვარაუდით, მისმა მეორე ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა ტალულა რაილიმ – რომელზეც ის ორჯერ იყო დაქორწინებული, 2010 წლიდან 2012 წლამდე, შემდეგ კი 2013 წლიდან 2016 წლამდე, მსგავსი თანხა მიიღო.
იმის გასარკვევად, თუ ვისზე გადმოვიდა ყველაზე მეტად ილონ მასკის მადლი, Forbes-მა დეტალურად შეისწავლა Tesla-ს SEC-დოკუმენტები და SpaceX-ის ადრეულ თანამშრომლებს გაესაუბრა. აქაა 10 ადამიანი, რომელთა საბანკო ანგარიშებზე არსებული ყველა ნული მასკს ეკუთვნის და კიდევ ექვსი, რომელთა ქონებამაც დიდი ბიძგი მიიღო.
მასკის დახმარებით გამდიდრებული ადამიანები
რამდენიმე რჩეულმა, რომლებმაც თავიანთი ბედი მასკს საჭირო დროს დაუკავშირეს, ცხრანიშნა (და ათნიშნაც კი) ქონება დააგროვა.
ანტონიო გრასიასი
წმინდა ქონება: $2.2 მლრდ
მასკის PayPal-ის კოლეგის, დევიდ საკსის, იურიდიული ფაკულტეტის თანაკურსელი გრასიასი მასკს პირველად დაახლოებით 2000 წელს შეხვდა. მისმა ჩიკაგოში დაფუძნებულმა Valor Equity Partners-მა თავიდანვე ინვესტიცია ჩადო Tesla-ში (2005), SpaceX-სა (2008) და Tesla-ს მომავალ შენაძენ SolarCity-ში (2012). მან მასკს $1 მილიონი ასესხა, როდესაც Tesla-ს 2008 წელს პრობლემები ჰქონდა, და 2007 წლიდან 2020 წლამდე ავტომწარმოებლის საბჭოში მუშაობდა. მასკი და გრასიასი ახლო მეგობრები არიან და ოჯახურ შვებულებასაც ერთად ატარებენ. გრასიასი მასკის პირადი ქონების ნაწილს მართავს და, როგორც ამბობენ, მუშაობს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სოცუზრუნველყოფის რეფორმირების მცდელობებზე.
ჯეი ბი სტრაუბელი
$1.6 მლრდ
Stanford-ში განათლებამიღებული ინჟინერი 2003 წელს ბატარეებზე მფრენ თვითმფრინავებზე მუშაობდა, როდესაც კამპუსში ლექციაზე მასკს შეხვდა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა Tesla-ს ადრეულ წლებში, დაინიშნა ახალბედა ელექტრომობილების კომპანიაში მე-5 თანამშრომლის თანამდებობაზე და ტექნოლოგიების მთავარი დირექტორის როლში კომპანიის ბატარეებისა და ელექტროძრავების განვითარებას უძღვებოდა. მასკის გარდა, ის თავდაპირველი აღმასრულებელი გუნდის ერთადერთი წევრია, რომელიც დღემდე კავშირშია Tesla-სთან: მიუხედავად იმისა, რომ მან თავის დაარსებული ელექტრომობილების ბატარეების გადამუშავების კომპანია Redwood Materials-ის სათავეში ჩასადგომად 2019 წელს თანამდებობა დატოვა, და გადასახადების შემდეგ, თორმეტი წლის განმავლობაში Tesla-ს აქციებით $1 მილიარდი გაანაღდა, ის Tesla-ს საბჭოს 2023 წელს შეუერთდა.
გვინ შოტველი
$1.2 მლრდ
მასკი ყურადღებას ექვს კომპანიასა და DOGE-ს მოვალეობებს შორის ყოფს, ამიტომ ვიღაცამ რაკეტებზე უნდა იზრუნოს. ეს ადამიანი SpaceX-ის დიდი ხნის პრეზიდენტი გვინ შოტველია, რომელიც 2002 წელს SpaceX-ს მე-11 თანამშრომლად შეუერთდა უფრო მცირე სარაკეტო კომპანიაში მუშაობის შემდეგ. ის მასკს SpaceX-ის ოფისში ყოფილი კოლეგის მონახულებისას შეხვდა. მან ილონზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტის ახალ თანამდებობაზე განაცხადის შეტანა შესთავაზეს. „დაახლოებით ერთი თვე ვყოყმანობდი“, – უთხრა მან ერთხელ Stanford-ის სტუდენტების ჯგუფს. დღეს ფირმა იმდენად ძვირია, რომ მისი სავარაუდო 0.3%-იანი წილიც კი ათნიშნა ღირებულებისაა.
კიმბალ მასკი
$900 მლნ
1995 წელს, ის თავისი ძმის პირველი სტარტაპის, ქალაქის ონლაინგზამკვლევის, Zip2-ისა და ოთხი წლის შემდეგ PayPal-ის წინამორბედის, X.com-ის დაარსებაში მონაწილეობდა. კიმბალი 2022 წლამდე იყო SpaceX-ის საბჭოში. მან Tesla-ს აქციების გაყიდვიდან $170 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის $16 მილიონი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თებერვალში, მაგრამ ის კვლავ ფლობს $400 მილიონის აქციებსა და ოფციონებს, და ადგილს საბჭოში. კიმბალი, განსწავლული შეფ-მზარეული, რომელიც თითქმის ყოველთვის კოვბოის ქუდს ატარებს, ოთხი რესტორნისგან შემდგარი The Kitchen-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია, მათ შორის ერთი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერშია, სადაც ის ცხოვრობს. მან ასევე დააფუძნა Nova Sky Stories-ი, დრონების ლაით შოუს სტარტაპი, რომლის კლიენტებს შორისაც – გამოიცანით – Tesla ირიცხება.
აირა ერენპრეისი
600 მლნ
ვენჩურული კაპიტალის აქციონერმა Tesla-ს მხარდაჭერა პირველად 2006 წელს გამოუცხადა, როდესაც მას მხოლოდ 50 თანამშრომელი ჰყავდა და ავტომობილების წარმოება ჯერ არ დაეწყო. 2007 წლიდან Tesla-ს საბჭოს წევრი და კომპენსაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მასკის 2018 წლის $55.8 მილიარდის ანაზღაურების პაკეტის დამტკიცების გამო, რომელიც დელავერის მოსამართლემ გააუქმა, აქციონერთა ხმით დამტკიცდა და შემდეგ კვლავ გააუქმდა. 2021 წელს მან Tesla-ს აქციების გაყიდვიდან $100 მილიონი გამოიმუშავა. ის უარყოფს Forbes-ის შეფასებებს, მაგრამ დოკუმენტაციას არ წარმოადგენს.
რობინ დენჰოლმი
500 მლნ
Toyota-ს, Sun Microsystems-ის და Juniper Networks-ის ვეტერანი Tesla-ს საბჭოს 2014 წელს შეუერთდა და 2018 წელს მასკი თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა, რაც ილონის SEC-თან მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო Twitter-ზე ცრუ განცხადების გამო, რომ მან Tesla-ს პრივატიზაციისთვის დაფინანსება მოიპოვა. 2024 წლის თებერვლიდან აქციების გაყიდვით მან $100 მილიონი გამოიმუშავა, თუმცა შესაძლოა, მასკთან და საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, კომპანიას $900 მილიონზე მეტი აუნაზღაუროს ჭარბი კომპენსაციის სარჩელთან დაკავშირებული შეთანხმების ფარგლებში. ავსტრალიის მკვიდრი ფლობს წილებს Sydney Kings-ისა და Sydney Flames-ის საკალათბურთო გუნდებში.
თომას მიულერი
500 მლნ
აიდაჰოს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი მიულერი SpaceX-ში 2002 წელს პირველ თანამშრომლად შეუერთდა. იმ დროს მიულერი, რომელსაც მექანიკური ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი აქვს, საწყობში კუსტარულ რაკეტებს აწყობდა, მასკს კი PayPal-ი eBay-ისთვის ახალი მიყიდული ჰქონდა. სუპერბოულის წვეულებაზე, წყვილმა SpaceX-ის პირველი რაკეტის, Falcon 1-ის, გეგმები შეადგინა. ძრავის ინჟინერიის ხელმძღვანელის რანგში, მიულერი SpaceX-ის გამშვები მანქანის Falcon-ისა და Dragon-ის კოსმოსური ხომალდის ძრავების დიზაინსა და განვითარებას ხელმძღვანელობდა. ის 2020 წელს წავიდა, რათა დაეარსებინა Impulse Space-ი, რომელიც ორბიტალურ გადამყვან მანქანებს ამზადებს.
ზაკ კირკჰორნი
440 მლნ
McKinsey-ში მუშაობის შემდეგ, Harvard MBA-მ 2010 წელს მუშაობა დაიწყო Tesla-ში ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე. 2019 წლისთვის, 34 წლის კირკჰორნი ფინანსური დირექტორი იყო. მასკმა მას „მონეტების ოსტატის“ ტიტული მიანიჭა მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებელმა 2021 წელს $1.5 მილიარდის ბიტკოინი შეიძინა. ორი წლის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა, თავისი წილიდან $300 მილიონი გაანაღდა და $20 მილიონი Bay Area-ში, 8,000 კვადრატული ფუტის სახლზე დახარჯა.
ჯერომ გილენი
250 მლნ
მექანიკური ინჟინერიის დოქტორმა Tesla-ში მუშაობა 2010 წელს დაიწყო და მასკის მეორე ავტომობილის, Roadster-ის შემდეგ, Model S-ის შემუშავებას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს საავტომობილო პრეზიდენტად დაწინაურებულმა გილენმა 2021 წელს Tesla-დან წასვლის შემდეგ აქციების გაყიდვიდან $160 მილიონი გამოიმუშავა, რის შედეგადაც $400 მილიონზე მეტი არასაინვესტიციო ოფციონი დარჩა. ის კეტო-დიეტის აპლიკაციის მართვითაა დაკავებული და ბიტკოინის გადახდების ფირმის თანადამფუძნებელია.
კეტლინ უილსონ-ტომპსონი
230 მლნ
Walgreens-ის ყოფილი HR აღმასრულებელი თავის ქონებას მასკის უგუნურებას უმადლის: ის Tesla-ს საბჭოს 2018 წელს შეუერთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი, SEC-თან მასკის „მე Tesla-ს კერძო კომპანიად ვაქცევ“ საქმეზე შეთანხმების ფარგლებში. 2020 წლიდან მან კომპენსაციის სახით მიღებული აქციების გაყიდვიდან $100 მილიონი გამოიმუშავა და დამატებით $120 მილიონის ღირებულების აქციებსა და ოფციონებს ფლობს.
ადამიანები, რომლებიც მასკმა კიდევ უფრო გაამდიდრა
ეს მილიარდერები მასკზე ფსონის დადებისას უკვე მსუყედ იყვნენ, მაგრამ ილონმა მათი ქონება ახალ სიმაღლეებზე აიყვანა.
ლარი ელისონი
წმინდა ქონება: 192 მლრდ
Oracle-ის თანადამფუძნებელმა $1 მილიარდი ჩადო Tesla-ში 2018 წელს, როდესაც საბჭოს შეუერთდა; მისი წილი $4.7 მილიარდამდე გაიზარდა 2022 წელს, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. მან ასევე $1 მილიარდი დააბანდა X-ში (ყოფილიTwitter-ი) 2022 წელს, მას შემდეგ, რაც მასკმა მას ინვესტირება ტექსტური შეტყობინებით შესთავაზა.
პიტერ ტილი • 16.3 მლრდ
ტილი მასკს 2000 წელს შეხვდა, როდესაც ილონის გადახდის სტარტაპი X.com პიტერის Confinity-სთან გაერთიანდა და PayPal-ი ჩამოაყალიბა. ტილმა თანადააფუძნა ვენჩურული კაპიტალის ფირმა Founders Fund-ი, რომელმაც SpaceX-ში ინვესტიცია ადრეულ ეტაპზე (2008) ჩადო და მასკისა და Google-ის შემდეგ მესამე უმსხვილეს აქციონერად რჩება. მისი დაახლოებით 6%-იანი წილი $20 მილიარდს შეადგენს.
ლეო კოგუანი • 7.7 მლრდ
ოდესღაც Tesla-ს მესამე უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერსა და ილონის თვითგამოცხადებული ფანს, IT-სერვისების მილიარდერს თავის ყოფილ კუმირთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მას „ტირანი აღმასრულებელი დირექტორი“ უწოდა, ნოემბერში კი განაცხადა, რომ ის „აღარაა მთლიანად Tesla-ზე ორიენტირებული“.
რონ ბარონი • 6.5 მლრდ
თავისი ფლაგმანური საინვესტიციო ფონდის 40% ბარონს Tesla-ზე აქვს მიბმული. 80 წელს გადაცილებულმა ინვესტორმა ელექტრომობილების მწარმოებელში ინვესტიცია პირველად დაახლოებით ათი წლის წინ ჩადო. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის 2,200%-ით გაიზარდა. მის ფონდებს ასევე აქვთ წილები SpaceX-სა და xAI-ში. ძირითადად ილონის წყალობით, ბარონის პირადი ქონება 2016 წლიდან სამჯერ გაიზარდა.
მარკ ანდრესენი • 1.9 მლრდ
ყოფილი დემოკრატი დღეს მხარს უჭერს ტრამპს და მასკს, და მას DOGE-ისთვის ტექნოლოგიური ნიჭის მოზიდვაშიც კი ეხმარება. მისმა ვენჩურული კაპიტალის ფირმამ, Andreessen Horowitz-მა, 2023 წელს SpaceX-ს დაუჭირა მხარი და 2024 წლის მაისში xAI-ს $6 მილიარდის დაფინანსების რაუნდის თანათავმჯდომარე იყო; ორივე კომპანიის შეფასება გაორმაგდა მას შემდეგ, რაც მისმა ფირმამ ინვესტიცია განახორციელა.
ჯარედ აიზექმენი • 1.5 მლრდ
მილიარდერმა, რომელიც თავის შესაქცევად საბრძოლო გამანადგურებელ თვითმფრინავებს მართავს, ასევე იმგზავრა SpaceX-ის ორი რაკეტით, პირველად 2021 წელს, როდესაც მისმა გადახდის კომპანიამ Shift4-მა SpaceX-ში $28 მილიონი ჩადო. ეს წილი ამჟამად $66 მილიონს უდრის და აიზექმენს, ტრამპის მიერ NASA-ს ხელმძღვანელად დანიშნულ კანდიდატს, ასევე აქვს პირადი წილი რაკეტების მწარმოებელ კომპანიაში.