აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების 25%-დან 50%-მდე გაზრდას გეგმავს. როგორც ჩანს, მსოფლიოში სავაჭრო ომი კვლავ გაღრმავდება, რადგან საპასუხო ზომები შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორებმაც დააანონსეს.
„ჩვენ ვაპირებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფოლადის იმპორტზე ტარიფები 25%-დან 50%-მდე გავზარდოთ, რაც აშშ-ის ფოლადის ინდუსტრიას კიდევ უფრო დაიცავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ექსპერტების მოსაზრებით, ფოლადისა და ალუმინის ტარიფების გაორმაგება ტრამპის მიერ წამოწყებულ გლობალურ სავაჭრო ომს კიდევ უფრო გაამძაფრებს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა მოჰყვა მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა აშშ-სთან კრიტიკული მინერალების ტარიფებისა და სავაჭრო შეზღუდვების ორმხრივი გაუქმების შესახებ შეთანხმება დაარღვია.
ტრამპმა Nippon Steel-სა და U.S. Steel-ს შორის დადებულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 14.9 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება, ტარიფების გაზრდის მსგავსად, აშშ-ში ფოლადის ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
მოგვიანებით მან სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დაწერა, რომ ტარიფი ალუმინის პროდუქტებზეც გაიზრდება და გაორმაგებული გადასახადები ოთხშაბათიდან ამოქმედდება.
დონალდ ტრამპის განცხადებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებში მკაცრი რეაქცია გამოიწვია. კანადის სავაჭრო პალატამ დაგმო ტარიფების ზრდა და მას „ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკური უსაფრთხოების საწინააღმდეგო“ უწოდა.
ევროკომისიამ კი განაცხადა, რომ ბლოკი საპასუხო ზომებისთვის მზად არის. „ეს გადაწყვეტილება გლობალურ ეკონომიკას კიდევ მეტ გაურკვევლობას სძენს და ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ხარჯებს ზრდის“, – თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
აშშ მსოფლიოში ფოლადის უმსხვილესი იმპორტიორია, ევროკავშირის გამოკლებით. ქვეყნის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2024 წელს იმპორტირებული ფოლადის საერთო მოცულობამ 26.2 მილიონი ტონა შეადგინა. შედეგად, ახალი ტარიფები, სავარაუდოდ, ფოლადის ფასებს მთელ მსოფლიოში გაზრდის, რაც როგორც ინდუსტრიას, ასევე მომხმარებლებს დააზარალებს.
ფოლადისა და ალუმინის ტარიფები იანვარში ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ყველაზე ადრე ამოქმედდა. აშშ-ში იმპორტირებული ფოლადისა და ალუმინის უდიდეს ნაწილზე 25%-იანი გადასახადი მარტში ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ტრამპი კანადურ ფოლადზე 50%-იანი გადასახადითაც დაიმუქრა, თუმცა საბოლოოდ უკან დაიხია.