დღეს აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ჩინეთის წარმომადგენლობას გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში შეხვდება. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, ლონდონში ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი გაემგზავრება.
მოლაპარაკებების დაანონსებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი, რომელიც ძირითადად სავაჭრო ურთიერთობებს შეეხო, პრეზიდენტმა ტრამპმა დადებითად შეაფასა. ამის შემდგომ, ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის, ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლუტნიკისა და სავაჭრო საკითხებში წარმომადგენლის, ჯემისონ გრირის ლონდონში ვიზიტი და ჩინეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრები დააანონსა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ვიცე-პრემიერის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი 8-დან 13 ივნისამდეა დანიშნული. სამინისტროს განცხადებით, ამავე პერიოდში „ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკურ და სავაჭრო მექანიზმზე“ მოლაპარაკებები გაიმართება.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დანიშვნამდე ქვეყნების ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი თებერვალში, სავაჭრო ომის გამძაფრების საშიშროების შემდეგ, პირველი იყო. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სი ძინპინმა ტრამპს „ჩინეთის წინააღმდეგ მიღებული ნეგატიური ზომების“ გაუქმებისკენ მოუწოდა.
ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლობა ერთმანეთს მაისში, ჟენევაშიც შეხვდა. მოლაპარაკებებს, რომელსაც ტრამპმა „სრული გადატვირთვა“ უწოდა, ტარიფების დაწევა და 90-დღიანი ზავი მოჰყვა. ამჟამად, აშშ-ს ჩინურ პროდუქციაზე 30%-იანი ტარიფები, ხოლო პეკინს აშშ-ის იმპორტზე 10%-იანი გადასახადები აქვს დაწესებული.