NAACP-მ მასკის xAI-ს შესაძლოა ჰაერის დაბინძურების გამო უჩივლოს

NAACP-მ მასკის xAI-ს შესაძლოა ჰაერის დაბინძურების გამო უჩივლოს

ფერადკანიანთა წინსვლის ხელშემწყობმა ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NAACP) მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტარტაპ xAI-ს კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის განზრახვასთან დაკავშირებით გაფრთხილება გაუგზავნა. NAACP-ის განცხადებით, პოტენციური სარჩელი xAI-ის მემფისში მდებარე მონაცემთა ცენტრიდან წარმოქმნილ ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება.

წერილში, რომელიც NAACP-ის სახელით, Southern Environmental Law Center-მა (SELC) გაგზავნა, ნათქვამია, რომ xAI სამხრეთ მემფისის მონაცემთა ცენტრში მეთანის გაზის ტურბინების გამოყენებით, ფედერალურ კანონმდებლობას არღვევს. გარდა ამისა, კომპანიას ტურბინების გამოყენების არც სპეციალური ნებართვა აქვს და დაბინძურებაზე არც შესაბამის კონტროლს უზრუნველყოფს.

SELC-ის შეფასებით, xAI-ის მონაცემთა ცენტრების მიერ წარმოქმნილი დაბინძურება, მემფისში ჰაერის ისედაც დაბალ ხარისხს კიდევ უფრო აუარესებს. ორგანიზაციის ადვოკატის, პატრიკ ანდერსონის განცხადებით, ტურბინებიდან წარმოქმნილი დაბინძურება მემფისის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გარემოსდაცვითი ცენტრის ინფორმაციით, მასკის AI-კომპანიამ ჯამში 35 ტურბინა დაამონტაჟა, რომელთაგან თითქმის ყველა, აპრილის მდგომარეობით, ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა. ანდერსონის განცხადებით, xAI-ს, გაზის ტურბინების გამოყენებაზე ნებართვის არქონის გამო, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ცნობისთვის, მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს გამოთვლით სიმძლავრეს აწვდის, დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს და 24-საათიან ელექტროენერგიას საჭიროებს. სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაბალი ტემპის გამო, მონაცემთა ცენტრების მოთხოვნას წიაღისეული საწვავით, მათ შორის ბუნებრივი აირითა და ქვანახშირით ავსებენ.