ESPN-ის ინფორმაციით, ბასების ოჯახი Los Angeles Lakers-ის საკონტროლო წილის ამერიკელი ბიზნესმენისთვის, მარკ უოლტერისთვის მიყიდვას დათანხმდა. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, Los Angeles Dodger-ის მფლობელი საკალათბურთო კლუბს $10 მილიარდად შეიძენს, რაც სპორტის ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება.
სპორტული გამოცემის ცნობით, ბასების ოჯახი Los Angeles Lakers-ში, დაუზუსტებელი ვადით, 15%-იან წილს შეინარჩუნებს. გარდაცვლილი ჯერი ბასის ქალიშვილი, ჯინი ბასი კი, რომელიც 2017 წლიდან Lakers-ის ხელმძღვანელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო, კლუბში მის მიერ დაკავებულ პოსტს შეინარჩუნებს. The Athletic-ის ცნობით, მხარეებთან დაკავშირებული ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ გარიგების შედეგად, საკალათბურთო კლუბის ღირებულებამ შესაძლოა $12 მილიარდს მიაღწიოს.
უოლტერი, დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანიის, TWG Global-ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე, 2021 წლიდან Los Angeles Lakers-ის აქციონერთა შორისაა. მან საკალათბურთო კლუბში ფილ ანშუტცის 26%-იანი წილი შეისყიდა. უოლტერის მიერ კლუბის შეძენა დადებითად შეაფასა Lakers-ის ლეგენდამ და Dodger-ის თანამფლობელმა მეჯიქ ჯონსონმა. მისი თქმით, მილიარდერი Lakers-ში „გამარჯვებისთვის საჭირო რესურსებს ჩადებს!“
Los Angeles Lakers-ი ჯერი ბასმა 1979 წელს, $67.5-მილიონიანი გარიგების ფარგლებში შეისყიდა, რომელიც ასევე მოიცავდა Los Angeles Kings-სა და Los Angeles Forum-ს. კლუბმა NBA-ის ჩემპიონობა ჯამში 17-ჯერ მოიპოვა. რაც შეეხება 65 წლის უოლტერს, მან ქონების დიდი ნაწილი საინვესტიციო ფირმა Guggenheim Partners-ის მეშვეობით დააგროვა და ახლა, Forbes-ის შეფასებით, $6.1 მილიარდს ფლობს.