Diddy-ის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოაცხადეს | რას ითვალისწინებს განაჩენი?

Diddy-ის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოაცხადეს | რას ითვალისწინებს განაჩენი?

დაახლოებით 8-კვირიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, შონ Diddy კომბსის საქმეზე განაჩენი ცნობილია. ამერიკელი რეპერი წარდგენილი ხუთი ბრალდებიდან ორში – დაზარალებული ქალების პროსტიტუციისთვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში – დამნაშავედ ცნეს, თუმცა დარჩენილ მძიმე ბრალდებებში გაამართლეს. მათ შორის, ყოფილი პარტნიორების, კასანდრა ვენტურას და კიდევ ერთი ქალის, როგორც მას უწოდებენ „ჯეინის“, რეკეტსა და სექს-ტრეფიკინგში.

ამერიკელი რეპერის ვერდიქტი შემდეგნაირია:

  • რეკეტის შეთქმულება: უდანაშაულოა
  • კესი ვენტურას სექს-ტრეფიკინგი: უდანაშაულოა
  • ვენტურას და სხვების პროსტიტუციისთვის ტრანსპორტირების ორგანიზება: დამნაშავეა
  • „ჯეინის“ სახელით ცნობილი ქალის სექს-ტრეფიკინგი: უდანაშაულოა
  • „ჯეინის“ და სხვების პროსტიტუციისთვის ტრანსპორტირება: დამნაშავეა

შონ Diddy კომბსის სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში მაისის შემდეგ მიმდინარეობს. მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა კომბსის მოთხოვნა გირაოს თაობაზე არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ რეპერი, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, ციხეში დარჩება. მანამდე, ვერდიქტის გამოტანის თარიღად 3 ოქტომბერი იყო დანიშნული, თუმცა მოსამართლემ პროცესი დააჩქარა.

სუბრამანიანმა გირაოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის ერთ-ერთ მიზეზად სათვალთვალო ვიდეოჩანაწერი დაასახელა, რომელშიც კომბსი ყოფილ შეყვარებულ კესი ვენტურას თავს ესხმის. ცნობისთვის, კომბსი წარდგენილ ხუთივე ფედერალურ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ნაფიცი მსაჯულები შონ Diddy კომბსის საქმეზე 13 სააათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ. მსაჯულებმა ხუთივე ბრალდებაზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. არსებული განაჩენით, რეპერს შესაძლოა 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. თუმცა რეკეტის, ასევე სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებები, რომელშიც კომბსი გაამართლეს, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა.

რვა მამაკაცისა და ოთხი ქალისგან შემდგარი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, არ არსებობდა საკმარისად დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ კომბსმა აიძულა დაზარალებული ქალები, სექს-მარათონში მონაწილეობა მიეღოთ ან ამ მიზნით მოატყუა და მათზე ზეწოლა მოახდინა – რაც საჭიროა სექს-ტრეფიკინგის ბრალდების წარსადგენად. ადვოკატები ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე ამტკიცებდნენ, რომ ქალები რეპერს მუდმივად ხვდებოდნენ და ამბობდნენ, რომ „უცნაურ“ სექს-წვეულებებში მონაწილეობა მოსწონდათ.

პროსტიტუციასთან დაკავშირებული თითოეული გამამტყუნებელი განაჩენი მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორი მორინ კომი, ვერდიქტის შემდეგ, კომბისთვის მაქსიმალური ვადით, 20 წლით პატიმრობის მოთხოვნას გეგმავს. რაც შეეხება სხვა, გამართლებულ საქმეებს: რეკეტზე ბრალდებების დამტკიცება პოტენციურად აშშ-ში სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო სექს-ტრეფიკინგისთვის მინიმალური სასჯელი 15 წლით არის განსაზღვრული.