ტრამპის თქმით, თეთრი სახლი UFC-ის საჩემპიონო ბრძოლას უმასპინძლებს

ტრამპის თქმით, თეთრი სახლი UFC-ის საჩემპიონო ბრძოლას უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომავალ წელს თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე რომელიმე ქართველი მებრძოლი ვიხილოთ.

დონალდ ტრამპმა ეს განცხადება აიოვას შტატის საგამოფენო მოედანზე გამართული გამოსვლის დროს გააკეთა. ღონისძიება დღეს, 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პრელუდიას წარმოადგენდა.

„ჩვენთან UFC-ის ორთაბრძოლა გაიმართება, წარმოიდგინეთ ის თეთრი სახლის ეზოში ჩატარდება“, – განაცხადა ტრამპმა. „იქ საკმაო სივრცეა. პატარა არენას ავაშენებთ — არა ჩვენ, დანა უაითი გააკეთებს ამას — და ამ ღონისძიებას 20-25 ათასი ადამიანი დაესწრება.“

მოგეხსენებათ, ამჟამად UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონია — მსუბუქ წონითი დივიზიონის ქამრის მფლობელი ილია თოფურია და სუპერსმუბუქი წონითი დივიზიონის ქამრის მფლობელი მერაბ დვალიშვილი. ილიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა გასულ კვირას, ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რომელსაც ბრძოლა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით მოუგო.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან სუპერსმუბუქი წონითი დივიზიონის ქამრის დაცვისთვის ბოლო ბრძოლა შონ ო’მალისთან გამართა და მეტოქე მახრჩობელათი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტიც დაესწრო. ბრძოლის დასრულების შემდეგ დვალიშვილი ტრამპს მიესალმა და მასთან გაისაუბრა.